ზოგჯერ ისეც ხდება, დავგეგმავთ ხოლმე საკუთარ მოგზაურობას და რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება. ეს ის შემთხვევაა, როცა ზუსტად ვიცით, რომ დავზარალდით. თუმცა, თურმე შესაძლებელია, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ. რას ნიშნავს „ფრენის კომპენსაცია“ და რა შემთხვევაში შეგვიძლია მისი მოთხოვნა? ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ვებდეველოპერი საბა მიგრიაული ესაუბრა.

“რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ახალ წელს კვიპროსზე შევხვედროდით. დავგეგმეთ მოგზაურობა, ყველა ტექნიკური საკითხიც მოვაგვარეთ და აეროპორტში მისვლიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა, რომ ჩვენი რეისი გადაიდო გაურკვეველი დროით… თან ეს იმ დროს, როცა ახალი წლის უცხო ქვეყანაში გატარება ყოველთვის ჩვენი ოცნება იყო და ახალ წლამდე დარჩენილი იყო მხოლოდ 1 დღე.

საბოლოოდ, 5 საათის შემდეგ შესრულდა ფრენა, თუმცა რომელიღაც უცხოურ საიტზე მქონდა წაკითხული, რომ დაგვიანების დროს შესაძლებელია 600 ევრომდე კომპენსაციის მოთხოვნა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რეისი უკვე დაგვიანებული იყო და მაინც ვცადე კომპენსაციის მიღება, რაც საკმაოდ წარმატებულად დასრულდა და ყველამ მივიღეთ 250-250 ევროს ოდენობის კომპენსაცია. თანაც ბილეთებში რამდენჯერმე ნაკლები გვქონდა გადახდილი.

ამ შესანიშნავი ამბის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ სხვა ადამიანებსაც დავხმარებოდი ფრენის კომპენსაციის მიღებაში და მიმეტანა ეს ინფორმაცია რაც შეიძლება ბევრი მოგზაურის ყურამდე, რადგან მაშინ ჯერ კიდევ უმეტესობამ არ იცოდა ასეთი უფლების არსებობის შესახებ. ამიტომ დავაარსე კომპანია FlyBack.Ge”

რა იყო, ამ მხრივ, შენი პირველი ნაბიჯები?

უპირველეს ყოვლისა, დავიწყე ყველანაირი ინფორმაციის მოძიება ამ სფეროს გარშემო, რადგან მე კი ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ სხვა მოგზაურებს დავხმარებოდი, თუმცა ჯერ მე თვითონ უნდა მცოდნოდა ყველაფერი კომპენსაციის მიღების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ათობით და, ალბათ, ასობით წყაროს გავეცანი, დეტალურად შევისწავლე კონკრეტული ქეისები და, რაც მთავარია, დავიწყე გუნდის შეკრება.

რა სირთულეებს წააწყდი გზად?

სირთულე არაერთი იყო, რა თქმა უნდა, რაც ნორმალურია, თუმცა, ალბათ, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმე იყო პროფესიონალი და გამოცდილი ადვოკატების მოძიება, რომელთაც რეალურად უნდა ემუშავათ თითოეული მგზავრის საქმეზე და მიეღოთ მათი კომპენსაციები. თანაც მაშინ, როცა საქართველოში ძალიან რთულია, იპოვო საავიაციო სამართლის განხრით სპეციალიზებული იურისტები. ეს პროცესი რამდენიმე თვეს გაიწელა, თუმცა თავიდანვე ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი იყო, რომ რაც შეიძლება გამოცდილი გუნდი შემეკრიბა და მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა საუკეთესო სერვისი, შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაზე დაბალ ფასად, რაც, შეიძლება ითქვას, რომ გამოგვივიდა.

როგორც ახსენე, კომპანია დააარსე. ამაზე რას მეტყვი?

FlyBack.Ge-ს დაარსება იყო ის სასურველი შედეგი, რომლისთვისაც თვეების განმავლობაში – შეიძლება ითქვას, 24/7-ზე ვმუშაობდი, თუმცა როცა უკვე შედეგს ხედავ, ის განვლილი შრომა აღარც გახსენდება და ოპერირება რომ დავიწყეთ, ალბათ, იმ დროს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იყო. ასეთი მომენტებისთვის ნამდვილად ღირს დღე და ღამე მუშაობა.

დღეს რა ეტაპზე ხარ?

დღეის მდგომარეობით, უკვე ათასობით მგზავრს დავეხმარეთ ფრენის კომპენსაციის მიღებაში, რაც მე, უპირველეს ყოვლისა, უსაზღვროდ მეამაყება და ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე. ასევე, რამდენიმე თვის წინ უკვე გავედით ევროპულ ბაზარზეც ჩვენი ინგლისურენოვანი პლატფორმით – 3FlightDelay და ახლა უკვე არა მარტო ქართველებს, არამედ უცხოელ მოგზაურებსაც ვეხმარებით საკუთარი უფლებების დაცვაში. ჩემი დიდი სურვილია, რომ მთელს მსოფლიოში შევძლოთ ოპერირება და ის ათასობით მგზავრი, რომელმაც უკვე მიიღო კომპენსაციები ჩვენი დახმარებით, რამდენიმე წელში უკვე ასიათასობით და მილიონობით იყოს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: