მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს,რაც საერთო მოსახლეობის 15% შეადგენს. 2016 წელს საქართველოს მასშტაბით არსებობდა 5300 აღრიცხული (ბაზაში დარეგისტრირებული) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე. (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სტიგმატიზაციის კვლევა – UNICEF. 2016) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს სამსახურის ძიებისას მრავალი დაბრკოლება ხვდებათ – ქვეყანაში არსებული ბარიერები და შეზღუდვები, რაც წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს შშმ პირების დასაქმებისთვის. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით“ აღიარებულია, რომ ყოველი ადამიანი შრომის,სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების მიღების, თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურების უფლებით სარგებლობს – ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. შშმ პირთა დასაქმებისთვის აუცილებელია მათვის ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა როგორც საჯარო სექტორებში, აგრეთვე კერძო კომპანიებში.

მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმებისათვის, ერთ-ერთ უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება ადაპტირებული გარემოსა და ხელმისაწვდომობის არქონა. არაადაპტირებულ გარემოში იგულისხმება ორი ტიპი : 1.სოციალური – სამსახურებში ხშირად ვერ ვნახავთ ჟესტების ენის მცოდნე თანამშრომლებს.
2. ფიზიკური გარემო – შშმ პირზე მოურგებელი ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, (თუ სამსახურს სატრანსპორტო სერვისიც აქვს). შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სამუშაო ადგილზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაც. (მაგ: დაზღვევა, სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობა სამუშაო ადგილზე და ა.შ.)
მეორე მხრივ, არაადაპტირებულ გარემოსთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისთვის მნიშვნელოვან პრობლემად არასათანადო განათლება და კვალიფიკაცია სახელდება. მიუხედავად ამ გამოწვევისა, სახელმწიფოში ნაკლებად ექცევა ყურადღება ინკლუზიური განათლების განვითარებას. ინკლუზიური განათლება არის მიმართულება, რომელიც ადრეული ასაკიდან თითოეული ბავშვის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს – მიუხედავად მათი განსაკუთრებული/განსხვავებული შესაძლებლობისა. აგრეთვე, ის საკუთარ თავში გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით სწავლებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხშირ შემთხვევაში, დაბალკონკურენტუნარიანები არიან, რადგან განათლების სისტემის არაინკლუზიურობის გამო ისინი ვერ იღებენ სათანადო კვალიფიკაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული სამუშაოსთვის შესაფერის უნარ-ჩვევებს არ ფლობენ, შედეგად, ვერ ერთვებიან აქტიური კონკურენციაში ღია ბაზარზე. დამსაქმებლები ხშირად არ ითვალისწინებენ იმ ბარიერებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ხვდებათ. აქედან გამომდინარე, ვაკანსიის გამოცხადებისას, პირობები არ ითვალისწინებენ შშმ პირების საჭიროებებს.

უმთავრესი პრობლემაა ადამიანების სტიგმატიზებული დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ. გავრცელებულია აზრი, რომ შშმ პირებს არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება, რადგანაც თვითონვე არიან ამ დახმარების საჭიროების მქონენი. აგრეთვე, დამსაქმებლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ შშმ პირი პირდაპირპროპორციულია გონებრივ ჩამორჩენასთან და თანამშრომლის მიღებაზე უარს აცხადებენ.
იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გახდნენ კონკურენტუნარიანები ღია ბაზარზე, აუცილებელია ცვლილებები განათლების სფეროში. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს ინკლუზიური განათლების დონის ამაღლება და განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შშმ პირისთვის დასაქმების ალბათობა ნაკლები იქნება. შეზღუდულია გარემო,რომელიც შშმ პირთა დასაქმებას აფერხებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ ზრდას.

ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი

Please follow and like us: