უნდა ითქვას, რომ დღეს მედიკამენტებზე ფასები საკმაოდ მაღალია, ფასწარმოქმნის პროცესში კი სახელმწიფი ვერ ერევა. არსებული კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს რაიმე ბერკეტი, ჩაერიოს შესაბამის პროცესებში.

მაშინ, ვინ განსაზღვრავს, რა უნდა ღირდეს კონკრეტული მედიკამენტი? საქართველოში არსებობს კერძო ფარმაცევტული კომპანიები. დღევანდელ დღეს, ეს ფარმაცევტული კომპანიები განსაზღვრავს ფასწარმოქმნას ფარმაცევტული ბაზრის ყველა დონეზე – ფარმაცევტული პროდუქტებით წარმოებიდან დაწყებული, საცალო და საბითუმო რეალიზაციითა და, აგრეთვე, მედიკამენტების დანიშვნის პროცესით დამთავრებული.

ჯანდაცვის ექსპერტი, მარინა ბერაძე – „ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი პაციენტი ჯერ კიდევ არ არის ჩვენს ქვეყანაში. მთავარი საზრუნავი არის კერძო ბიზნესი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვას. მთავარი არის ის, რომ მთელს მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა უსაფრთხო და ხარისხიან მედიკამენტებზე. ხარისხის კონტროლისთვის არ არის არცერთი სახელმწიფო ლაბორატორია. იმავე ფარმაცევტულ კომპანიებს აქვს საკუთარი ლაბორატორია.

ძალიან გულსატკენია, რომ ჩვენთან ის ფასდაკლებები, რომლებიც ხორციელდება, არ არის რეალური ფასდაკლება. ეს არის გარიგების შედეგი და, ფაქტობრივად, დემპიგთან უფრო გვაქვს საქმე. ეს პრობლემაც არსებობს. სამწუხაროა, რომ სისტემა არ იცვლება და რატომღაც გვინდა, რომ მივიღოთ სხვა შედეგი. ვერ მივიღებთ სხვა შედეგს“.

შესაბამის საკითხზე ეკონომიკური თვალსაზრისით ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე გვესაუბრება.

თქვენი შეფასებით, მოქმედებს თუ არა ლარის გაუფასურება მედიკამენტების ფასების ზრდაზე?

რა თქმა უნდა, მოქმედებს. ეს იმიტომ, რომ, თუ ავიღებთ სამომხმარებლო ბაზარს, დაახლოებით, 70 % არის იმპორტირებული საქონელი ჩვენს შიდა ბაზარზე. მედიკამენტების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი, თითქმის, 95 %-ია. ამიტომ, რადგანაც საქონელი იმპორტირებულია, ვალუტის კურსი თავისთავად ახდენს ფასწარმოებაზე გავლენას. გარკვეულ შეღავათსა და ამორტიზირებას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით აკეთებს ის გარემოება, რომ მედიკამენტების საგრძნობლად დიდი ნაწილი შემოგვაქვს იმ ქვეყნებიდან, რომელთა ვალუტაც ასევე განიცდის დევალვაციას ამერიკულ დოლართან მიმართებით და, რომ იტყვიან, რამდენადმე ანელებს, ამცირებს, თუმცა არ ხსნის გაუფასურების პროცესს. ეს პროცესი მაინც გრძელდება.

ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს, პირველი ყოვლისა, აზარალებს იმ სპეციფიკურ კატეგორიას, რომლისთვისაც მედიკამენტებს განსაკუთრებულად დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტი მედიკამენტი და სისტემური მკურნალობა სჭირდება. ამიტომ, მათთვის მედიკამენტებზე ფასების ზრდა არ არის რიგით სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების ზრდა. ისინი მათთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქცია.

რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რომ ერეოდეს მედიკამენტების ფასწარმოების პროცესებში?

საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს, რომ ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების ძირითადი მარეგულირებელია. სახელმწიფოს აქვს შეზღუდული ბერკეტები იმისთვის, რომ მოახდინოს რეაგირება. აქვს პირდაპირი ბერკეტები და აქვს ირიბი ბერკეტები. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია, მოახდინოს ამა თუ იმ მედიკამენტის შეძენა გარკვეული პროგრამის ფარგლებში და მედიკამენტების უფასო დარიგება. ბოლოს, ფართომასშტაბიანი პროგრამა იყო C ჰეპატიტის წინააღმდეგ, სადაც მოსახლეობას უფასოდ მიეწოდებოდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული მომსახურება. თუმცა, ეს გახლდათ დონორების კეთილი ნების გამოხატულება. ეს თითქმის ასეულობით მილიონ ლარს შეადგენდა და მიიღო იმ მოსახლეობამ, რომელსაც დახმარება რეალურად სჭირდებოდა. ეს მოახდინეს საკანონმდებლო რეგულირების საშუალებით – ვთქვათ, ამა თუ იმ მედიკამენტის წარმოების წახალისება, ან რომელიმე მედიკამენტის მოხმარების შეზღუდვა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: