ვიცით, რომ დღევანდელ ეპოქაში ყველა ადამიანი, ორგანიზაცია, თუ გუნდი, წინსვლისა და გამარტივებისთვის დგამს ნაბიჯებს. თუმცა, არც ის არის ბევრისთვის უცნობი, რომ მსგავსი მცდელობები ათეული საუკუნეების წინაც ჰქონდათ ადამიანებს. სწორედ ამ  მცდელობების არაერთი წარმატების კვალდაკვალ, მოსახლეობა ცდილობდა, შეეცნო სამყარო – ქვეყანა, რომელშიც ის ცხოვრობდა და ქვეყნები, რომლებიც მათ ირგვლივ არსებობდა. წარმატებული აღმოჩნდა მათი მცდელობებიც, ქაღალდზე გადმოეტანათ საკუთარი ლოგიკური იდეები, მოსაზრებები და ცოდნა სამყაროს შესახებ.

დედამიწის შემცირებულ მოდელს დღეს ჩვენ რუკას ვუწოდებთ. საუკუნეების მანძილზე, რუკის შედგენის მეთოდები იხვეწებოდა, ფორმირდებოდა გამოსახულებები, ხდებოდა ახალი აღმოჩენები, ჩნდებოდა ახალი საჭიროებები და ა.შ. რუკის დანიშნულება დღესაც სამყაროს შემეცნებაა – ის მოცემულობა, რომელშიც ადამიანი, რუკის მეშვეობით, მარტივად იღებს გადაწყვეტილებებს და მისი თანმდევი პროცესები ბევრად უფრო საინტერესოა.

საქართველოს „ლიტერატურის მუზეუმის“ დირექტორი, ლაშა ბაქრაძე თანამედროვე სამყაროში რუკის საჭიროებასა და დანიშნულებაზე საუბრობს.

„სამწუხაროდ, კარტოგრაფია საქართველოში დიდად არ უყვართ, კარგად არ იციან. ქუჩაშიც, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები რომ აძლევენ ხოლმე ქართველს რუკას იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულება მიუთითონ, ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი  თვითონ ვერ ხვდება, რა ხდება ამ რუკაზე. ეს, რასაკვირველია, ძირითადად, სკოლის ბრალია. საერთოდ, თუკი საქართველოში საუბრობენ ხოლმე ძველ რუკებთან დაკავშირებით, უფრო მეტად, ალბათ, იმიტომ, რომ საზღვრები აინტერესებთ – სად გადიოდა ძველად საქართველოს საზღვრები და ა.შ. ეს საზღვრები, თავისთავად, ძალიან საინტერესოა. თქვენ რომ ნახოთ ძველი რუკები, დაინახავთ, რომ საზღვრები, სადღაც მე-15 საუკუნეში, ანუ კოლუმბის შემდეგ ჩნდება. იმ პერიოდამდე, რუკებზე საზღვრები არ არის.

რაც უფრო ვუღრმავდებით კარტოგრაფიის  ისტორიას, მით უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ, თავის დროზე, რუკა ძალიან განსხვავებული იყო.

ძალიან ხშირად, რუკებზე შეხვდებით ხოლმე, რომ დატანილია კავკასიის კარიბჭე. ეს კავკასიის კარიბჭე ერთი იყო, თუ ორი, გახლდათ ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა. მოგეხსენებათ, რომ კავკასიაში ორი გადმოსასვლელია – დარიალი და დერბენტი. უფრო ხშირად, ალბათ, დერბენტს გულისხმობდნენ. მაგრამ შუა საუკუნეებში უკვე ძალიან ხშირად ჩნდებოდა კითხვა – ერთია ეს კარიბჭე, რომელსაც ალექსანდრემ რკინის კარი გაუკეთა, თუ ორი? ძალიან ხშირად ჩანს რუკებზე, რომ ორი კარია აღნიშნული. ამ დროს კარგად იცოდნენ, რომ იყო ორი გადმოსასვლელი. შავი ზღვის პირას, მთები ჩადის პირდაპირ ზღვამდე და, ამ მხრიდან, არ იყო ხოლმე დიდი სასიარულო ტერიტორია, ფეხით გასავლელად“.

„საქართველოს ეროვნული არქივი“ საქართველოს რუკის ათეულობით ვარიანტს აქვეყნებს. რეგიონების, თარიღების, დანიშნულებების, მიზნებისა და სხვა მიმართულების მიხედვით ფორმულირებული რუკები დღეს არაერთ პროცესს ამარტივებს.

სწორედ რუკების მრავალფეროვნება ხდის ბევრ იდეასა და მოსაზრებას ხელმისაწვდომს. საუკუნეების მანძილზე, ის იხვეწებოდა იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის სამყაროს ის ისეთი მიეღო, როგორიც დღეს არის. ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, მის შედგენასა და ფორმირებაზე აქტიურად მუშაობდნენ ის გენიოსები, რომლებიც წლებისა და საუკუნეების შემდეგ ბევრად დაფასებულია. ასე თუ ისე, მსოფლიოს გამარტივებული მოდელი, დღესდღეობით, ყველა კონტინენტს, ყველა რეგიონს, ქვეყანასა და ადამიანს უქმნის კომფორტს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: