თითქოს, 21-ე საუკუნეში ყველა შესაძლო მოცემულობა არის უზრუნველყოფილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თავი კომფორტულად და რეალიზებულად იგრძნონ. თუმცა, თავად ამ ადამიანებმა და მათმა უახლოესმა პირებმა საუკეთესოდ იციან, როგორია რეალობა. დღეს „თბილისი თაიმსის“ რესპონდენტი საკუთარი ოჯახის წევრის ისტორიაზე, შესაბამის გამოწვევებსა და საჭიროებებზე საუბრობს.

უპირველესად, თქვენს ამბავს რომ მოგვიყვეთ

ჩემი ოჯახის წევრი გახლავთ სმენადაქვეითებული ახალგაზრდა, რომლის საკომუნიკაციო ენაა ჟესტური ენა, თუმცა მას თავისი თემის გარდა შეუძლია ჩვეულებრივად მოსაუბრე გარშემომყოფებთან კომუნიკაცია და კონტაქტურია. სპეციალური სკოლის დასრულების შემდგომ დაასრულა პროფესიული კოლეჯი კულინარიის განხრით და სტაჟირების შემდგომ გაუმართლა, რადგან საპილოტე პროგრამაში იყო ჩართული და ერთ-ერთმა პრესტიჟულმა საერთაშორისო სარესტორნო ქსელმა დაასაქმა.

რა სერვისებით სარგებლობთ?

სერვისებს რაც შეეხება, იღებს შემწეობას სახელმწიფოსგან – შშმ პირის პენსიას, რომელიც, ჩვეულებრივი პენსიისგან განსხვავებით, არ მომატებულა და დარჩა ისევ იმავე ოდენობით. ჯანმრთელობის დაცვის სახელწიფო პროგრამაში არის ჩართული, როგორც ყველა სხვა.

რა კეთდება საქართველოში შშმ პირების ინტეგრირებისთვის?

მთლიანობაში, თუ ზოგად სურათს გადავხედავთ, ჯერ კიდევ არაა სახარბიელო სურათი ამ კუთხით. ზოგადად, რთულია ამ თემისთვის საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, რადგან შშმ პირებისთვის სამსახურის  პოვნისა და დასაქმების მხრივ  ძალიან მცირე პროცენტია საქართველოში მაჩვენებელი. არ არის გარემო ადაპტირებული. ჩვენს შემთხვევას რაც შეეხება, ჟესტური ენით მოსარგებლე ადამიანებს  საჯარო დაწესებულებებსა და საქმიანი ურთიერთობებისთვის ყოველთვის საკუთარი თარჯიმნით უწევთ მისვლა, რაც არაა სწორი.საკმაოდ ძნელია მათთვის კომუნიკაციის დამყარება ჩვეულებრივ მოლაპარაკე საზოგადოების წევრებთან და ხშირად აქვს გაუგებრობებსაც, ცხადია, ადგილი. ბოლო პერიოდში შეინიშნება ჟესტური ენით დაინტერესება საზოგადოების მხრიდან, რაც ძალიან მისასალმებელია და მნიშვნელოვანი ამ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომ სრულად მოახდინონ საკუთარი თავის იიდენტურობა საზოგადოებასთან და იგრძნონ, რომ ისინიც ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

რა შესაბამის სირთულეებს აწყდებით ყოველდღიურად?

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჟესტური ენით მოსარგებლე პირებთან ამ ენის არცოდნის გამო საზოგადოებას საკმაოდ შეზღუდული კონტაქტი აქვთ და ეს კომუნიკაცია შემოიფარგლება არასრულყოფილი კომუნიკაციით. ყველაზე ხშირად სრულწლოვანი პირები საბანკო ოპერაციებისას და ხელშეკრულებების დადებისას აწყდებიან სირთულეებს. ბანკი ვალდებულია, ჰყავდეს ასეთი კლიენტებისთვის ჟესტური ენის თარჯიმანი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად გადაუთარგმნის მათ ბანკთან ურთიერთობისას ხელშეკრულების ან მომსახურების პირობებს, რაც, უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება და შემდგომ ამ პირებს თავის დაცლის საშუალებაც არ აქვთ, ხელმოწერილ დოკუმენტთან პრობლემების  დადგომის შემთხვევაში. ასევე , საკმაოდ უხერხული ვითარება იქმნება, როცა ასეთ პირებს სამართალდამცავ ორგანოებთან უწევთ შეხება, ისინი კი უზრუნველყოფენ თარჯიმნის ჩართვას პროცესში, თუმცა, საკმაოდ რთულია ასეთ შემთხვევაში კონფიდენციალობის დაცვა, რადგან უცხო, მესამე პირი ერთვება ხშირად ძალიან დელიკატურ თემებზე სასაუბროდ.

სრულად არც საზოგადოებაა მზად ამ ადამიანებთან სრულყოფილად პერსონოფიცირებული აღქმისთვის, რადგან უმეტესმათგანს, რომელიც არ იცნობს ამ კატეგორიის ადამიანების ფსიქოლოგიას, სტერეოტიპულად ჰგონია, რომ მათ გონებრივი შეზღუდვაც აქვთ და აღქმაც გარესამყაროსთან სხვაგვარია, რაც არაა სწორი. ასევე, სტერეოტიპულია ისიც, რომ ხმამაღლა(ხშირად ყვირილით) უნდა ესაუბრონ ასეთ პერსონას, რაც ასევე დიდი შეცდომაა და არასწორი, რადგან ამგვარი კომუნიკაციისას სმენადაქვეითებული ან ყრუ ადამიანი ხედავს და კითხულობს თქვენს დაძაბულ  მიმიკას და ვერ ხვდება, რატომ ,, ეჩხუბებით” ან ,, უყვირით” მას, მისთვის ასე აღიქმება თქვენი კომუნიკაცია. ამდენად, სწორი მიდგომა ისაა, რომ თქვენ ესაუბროთ მათ ნელა (რომ შეძლონ ბაგეებზე დაკვირვებით წაიკითხონ თქვენი ნათქვამი) და მშვიდად, შესაბამისი მიმიკებითა და ჟესტების მოშველიებით, რომ მათ თქვენი კეთილგანწყობა გააგებინოთ.

მედიასაშუალებებიდან მხოლოდ „პირველ არხს“ აქვს სურდოთარგმანი საინფორმაციო გადაცემებისას, რაც ძალიან კარგია, თუმცა ეს ძალიან მცირეა, დამეთანხმებით, არ არის კინოფილმები, ანიმაციები ბავშვებისთვის(ან ძალიან იშვიათი გამონაკლისებია), რაც შეზღუდუდვაა მათთვის ამ მიმართულებით.

ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი მიღწევა საჯარო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას არის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა გადამზადება ჟესტურ ენაში,რამაც საკმაოდ გააადვილა ამ კატეგორიის ადამიანებისთვის კომუნიკაცისა და სერვისების მარტივად აღქმა და მიღება, ასეთივე სტანდარტები უნდა მოქმედებდეს სხვა საჯარო ორგანიზაციებშიც.

რის შეცვლას ისურვებდით?

ნაწილი პრობლემების ზემოთაც აღვნიშნე და, ცხადია, ამ მიმართებით გამოსწორების გზები უნდა მოიძებნოს და რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აღიარებს ჟესტურ ენას, როგორც ერთ-ერთ საკომუნიკაციო ენას, ამ მხრივ გარემოც უნდა იყოს შესაძლებლობებით სავსე და არა – შეზღუდული.  კარგი იქნება, თუ საჯარო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, კერძო ორგანიზაციებში მიექცევა ყურადღება მათი თანამშრომლებიდან რამდენიმე კადრის გადამზადების ჟესტურ ენაში, რომ ასეთ ადამიანებს გაუადვილდეთ მათთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რადგან ,, მათ ესმით თქვენი – თვალებით!” და მიეცით საშუალება, რომ თქვენც გესმოდეთ მათი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: