სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრა გუშინ გაიმართა. ელჩებმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს ილია მეორეს და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად, მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 პროცენტი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა“, – მიმართა ელჩებს ილია მეორემ.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

„მადლობას მოგახსენებთ თქვენი კეთილი სურვილებისთვის. საქართველო ცხოვრობს მრავალი რელიგიისა და ეროვნების გარემოცვაში. თბილისში ახლოს არის მართლმადიდებელი ეკლესია, მუსულმანური სალოცავი, ებრაული, კათოლიკური და სხვა. მე მახსენდება, ჩვენ გვესტუმრა ორი მოხუცებული აიათოლა ირანიდან და მითხრეს, როცა ხელებს აწევ სალოცავადო, ჩვენც მოგვიხსენეო. ახლა ხელებს ვწევ ღვთისადმი და ვლოცავ მსოფლიოს, რათა მშვიდობა სუფევდეს. ღმერთმა დაგლოცოთ!“ – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, საელჩოების როლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა ჩვენი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში და ბრიუსელში. მან ასევე ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და დიპლომატებს სთხოვა დახმარება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.

შეხვედრის დასასრულს, ილია მეორის ნათლულების გუნდმა ხალხური სიმღერები და კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლები შეასრულა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

Please follow and like us: