თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩის, გამზირისა და აღმართის რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოები განახორციელა. აღნიშნული პროექტებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 145 389 000 ლარი დაიხარჯა. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 781 205 მ2  ფართობის გზის საფარი.

დასრულდა შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები: შარტავას ქუჩა, სარაჯიშვილის გამზირი, კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლები, ნოდარ დუმბაძის გამზირი, პეტრიწის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, ფალიაშვილის ქუჩა. ლეხ კაჩინსკის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, ჩიქოვანის ქუჩა და სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების შიდა გზები.

ამჟამად ხორციელდება კახეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, დავითაიასა და მთისძირის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა.

საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 2-წლიან პერიოდში ბიუჯეტიდან 45 294 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულდა სატრანსპორტო კვანძი კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძი გელოვანი-სარაჯიშვილის გადაკვეთაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე N83-ის მიმდებარედ არსებული N50 შახტის  გადახურვის  სამუშაოები, სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარედ წყალსადენი ქსელის, რკინა-ბეტონის გაბიონების და გარშემოსავლელის მოწყობა, მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, ჭიჭინაძისა და თავისუფლების ქუჩაზე სანიაღვრე/სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და აღდგენა.

მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდზე ასასვლელი პანდუსის რეაბილიტაცია, ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

20 458 779 ლარი დაიხარჯა 109 ავარიული საცხოვრებელი კორპუსი გამაგრებაზე, ხოლო 4 345 000 ლარი ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობაზე.

კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან  14 052 000 ლარი დაიხარჯა, რაც ითვალისწინებდა „მშვიდობის ხიდის“, ასევე, გმირთა მოედანზე მემორიალური სვეტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობას; ვარდების მოედანზე 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებული ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთებას, დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენას, მისამართების აღმნიშვნელი აბრების დამზადებას და მონტაჟს; საფეხმავლო ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს; კლდეებიდან ავარიული კლდოვანი ფენის მოხსნის და ჩამოშლილი კლდოვანი გრუნტის მასის გასუფთავება-გატანის სამუშაოებს და შადრევნების მოვლა-პატრონობას.

წყარო: city.kvira.ge

Please follow and like us: