,,მარიონელა“ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, რომელიც ულამაზეს სადედოფლო კაბებს სთავაზოს მსურველებს. ბაზარზე 1993 წელს გამოჩნდნენ და უკვე 26 წელია პირველობას ინარჩუნებენ ჩვენს ქვეყანაში. თბილისი თაიმსი   მთლიანად გაგაცნობთ  ბრენდის ისტორიას. ამისთვის ვესაუბრეთ  ,,მარიონელას“ დამფუძნებლებს – მარინა უგულავას და ლელა ტურძელაძეს.

ქალბატონო ლელა, გვესაუბრეთ საიდან წამოვიდა იდეა შეგექმნათ სადედოფლო კაბების ბრენდი ,,მარიონელა“.

მე და ჩემი პარტნიორი მარინა ერთად ვსწავლობდით ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტანსაცმლის მხატვრულ მოდელირებაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ორივეს გაგვიჩნდა სურვილი ჩვენი პროფესიით გვემუშავა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უკვე დასაქმებულები ვიყავით მაინც გადავწყვიტეთ საკუთარი სამკერვალო შეგვექმნა. თავიდან, ძირითადად, ორიენტირებულები ვიყავით შეგვეკერა პიჯაკები, ყოველდღიური ტანსაცმელი, მანტოები. მოგეხსენებათ 1993 წელს ქორწილები თითქმის არ იყო, ამიტომ მოთხოვნა კაბებზე , ფაქტობრივად, არ გვქონდა. შემდგომ უკვე, როდესაც დაინტერესებაც გაიზარდა, ხშირად ვიღებდით სადედოფლო კაბების შეკვეთებს. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა დაინტერესება ჩვენი მხრიდანაც შეგვექმნა ეს პროდუქცია და  1998 წლიდან უკვე მთლიანად წარმოვადგენდით სადედოფლო და სადღესასწაულო კაბების სამკერვალოს.

ქალბატონო მარინა, იმ დროში საკმაოდ რთული იყო ბრენდის შექმნა. ფიქრობდით თუ არა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდით?

მოგეხსენებათ, მაშინ  იყო  ომის შემდგომი პერიოდი და საკმაოდ რთული იყო ცხოვრებაც. ამიტომ, ადამიანების უმეტესობა ორიენტირებული იყო უბრალოდ საკუთარი საქმე ჰქონოდა და ეარსება. შეუძლებელი იყო სამომავლო გათვლები გაგეკეთებინა ბიზნესში. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით ამ წარმატებაზე. უბრალოდ, ალბათ, ყველაფერმა შეგვიწყო ხელი. ქვეყანაში მდგომარეობაც გამოსწორდა, საერთაშორისო ორგანიზაციები შეიქმნა. ეს სფეროც მაშინ დიდად კონკურენტუნარიანიც არ იყო, ამიტომ დიდი ინტერესი და მოთხოვნა იყო ჩვენ მიერ შექმნილ კაბებზე. ამ ყველაფერმა კი განაპირობა ჩვენი წარმატებაც.

ქალბატონო ლელა, თქვენი პირველი მაღაზია იყო ქუთაისში, რა პერიოდიდან გადაწყვიტეთ, რომ ,,მარიონელას“ კაბები თბილისის მოსახლეობისთვისაც შეგეთავაზებინათ.

ეს მოხდა დაახლოებით შექმნიდან 5 წლის შემდეგ. მიმოსვლაც დედაქალაქში მაშინ უფრო რთული იყო და დიდ დროს მოითხოვდა. მაგრამ , რადგან დაინტერესება იყო მივიღეთ გადაწყვეტილებაც. თავიდან უბრალოდ გვინდოდა მაღაზიებში შეგვეტანა ჩვენი კაბები, მაგრამ საბოლოოდ მაინც საკუთარი ფილიალი გავხსენით თბილისში.

ქალბატონო მარინა, ყველასთვის ცნობილია, რომ კაბებისადმი დაინტერესება დიდია უცხოელების მხრიდანაც. როგორ ფიქრობთ, რატომ ანიჭებენ უპირატესობას ქართულ ბრენდს.

ალბათ იმიტომ, რომ ყველანაირად ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ საერთაშორისო ცვლილებებს დიზაინის მხრივ. ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს თავზე და ყოველთვის ვართ მოვლენების ეპიცენტრში. რაც სიახლე შემოდის მასალებში, დიზაინში, კონსტრუქციაში ყოველთვის ვცდილობთ პირველებმა გამოვიყენოთ საქართველოში. შესაბამისად,  მომხმარებლებიც ხვდებიან, რომ გვაქვს ძალიან თანამედროვე დიზაინის კაბები და ფასიც მსოფლიო ბაზრის გათვალისწინებით არის  მისაღები.

ქალბატონო ლელა, თქვენ რა წვლილი მიგიძღვით კაბების შექმნის პროცესში და იქნებ გვესაუბროთ მათი შექმნის პროცედურაზე.

მე და მარინა თანაბრად ვართ ჩართულნი ამ პროცესში, მაგრამ რაღაცნაირად შექმნის დღიდან გავინაწილეთ სამუშაო. მე, ძირითადად, საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ, მარინა კი დიზაინის შექმნის პროცესშია ჩართული. თუმცა ორივე ჩვენს საქმეს შეთანხმებულად ვასრულებთ. რაც შეეხება კაბის შექმნას, მნიშვნელოვანია კაბა მყიდველვისთის იქმნება  თუ მაღაზიაში განსათავსებლად. როდესაც მყიდველისთვის ვქმნით მაქსიმალურად მორგებული ვართ მათ სურვილებზე და ყველანაირად ვცდილობთ  სასურველი კაბა შევუქმნათ.  ხოლო, როდესაც მაღაზიითვისაა განკუთნილი, მაშინ უფრო დიდი თავისუფლება გვაქვს, თუმცა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნილება გარკვეულწილად მაინც გვაქცევს ჩარჩოში, რადგან მნიშნელოვანია შევქმნათ ისეთი კაბა, რომელიც მოთხოვნადი და გაყიდვადი იქნება.

ქალბატონო მარინა, გარდა იმისა, რომ კაბებს კერავთ, კიდევ რა სახის მომსახურებას სთავაზობს    ,,მარიონელა“ კლიენტებს?

ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალური სერვისი შევთავაზოთ ,,მარიონელას“ კლიენტებს. ქუთაისში ვთანამშრომლობთ სილამაზისა და ესთეტიკის  მედიცინის   ცენტრ – ,,საკურასთან“. ჩვენ კაბებთან ერთად ამ სალონის მომსახურებას ვთავაზობთ გარკვეული ფასდაკლებით. გარდა ამისა გვაქვს აქსესუარები, ფატა, თმის სამაგრები. ხოლო ახლახანს დავამატეთ ფეხსაცმელების ხაზი ჩვენი ბრენდირებით, რომელიც პირველი ეტაპისთვის საკმაოდ კარგად მიიღო მომხმარებელმა.

ქალბატონო ლელა, მარიონელა ხშირად კერავს ნაციონალური ელემენტებით გაწყობილ კაბებს,  როგორია მოთხოვნილება მსგავს კაბებზე.

ნამდვილად სასიხარულოა, რომ ამ ბოლო დროს ნაციონალური ტანსაცმელი  საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. დედოფლები უპირატესობას ანიჭებენ მსგავსი კაბების ჩაცმას ჯვრისწერაზე. გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ სერიოზული კლიენტები გვყავს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.   ტურიზმის განვითარებასთან ერთად უცხოელები საქართველოში გეგმავენ ქორწილის გადახდას, ასეთ შემთხვევაში ისინი უპირატესობას ნაციონალური ელემენტებით გაწყობილ  კაბებს  ანიჭებენ.

ქალბატონო მარინა, როგორც ცნობილია, მარიონელა ,, მის საქართელოს“ ერთ – ერთი სპონსორია, რა მნიშნვნელობა აქვს თქვენთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობას.

მის-საქართველო ერთ-ერთი სერიოზული პროექტია, რომელიც საქართველოში ტარდება. ეს არის მსოფლიო დონის კონკურსი. ყოველწლიურად საქართველოში გამარჯვებული უკვე მიდის მსოფლიოს ხუთ კონკურსზე, სადაც  არის კაბების კონკურსიც. იყო შემთხვევა, როდესაც ას ათი ქვეყნიდან ჩვენმა ნაციონალურმა კაბამ მიიღო გრან-პრი, ასევე საღამოს კაბამაც.  შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის საუკეთესო შანსი, რომ მარიონელას  კაბების პოპულარიზაცია მოხდეს  სხვა ქვეყნებშიც.

ქალბატონო ლელა, არის თუ არა გამორჩეული სეზონი, როდესაც უფრო დიდია მოთხოვნა კაბებზე სხვა სეზონებთან შედარებით?

სეზონს იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, როგორც საეკლესიო კალენდარს. ფაქტობრივად, მარხვის პერიოდში საერთოდ არაა დაინტერესება. შეიძლება მოთხოვნა იყოს, მაგრამ ისიც მხოლოდ უცხოელების მხრიდან. წელიწადის 6 თვე არის ქორწილების მხრივ აქტიური. ადრე თუ შემოდგომა იყო საკმაოდ დატვირთული, ამ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენდეცია  ზაფხულშიც, რადგან მოთხოვნადი გახდა  ზღვის სანაპიროზე ქორწილების გადახდა.

ქალბატონო მარინა, ყოფილა თუ არა შემთხვევა , როდესაც კრიტიკა მიგიღიათ თქვენს მიერ შექმნილ კაბებზე.

რა თქმა უნდა მიგვიღია. 26 წლის განმავლობაში განსხვავებულ კლიენტებთან გვქონდა ურთიერთობა, შესაბამისად კრიტიკაც ყოფილა. მოგეხსენებათ ქორწინება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ ამ პერიოდში ნერვიულობაც მატულობს და უკმაყოფილების შეგრძნებაც უფრო აქტიურდება.    თუმცა  ასეთი შემთხვევები მართლაც იშვიათია და ვფიქროობ, არც ღირს ყურადღების გამახვილება იმ მოწონების ფონზე, რასაც ჩვენი კაბები იმსახურებენ.

და ბოლოს, ქალბატონო ლელა, რა სიახლეებს სთავაზობთ სამომავლოდ დედოფლებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მათი ცხოვრების საუკეთესო დღეს ეცვათ თქვენი ბრენდის კაბა?

ამჟამად სიახლე ისაა, რომ თბილისის ოფისში გავფართოვდით, ამჟამადაც რემონტი მიმდინარეობს. ზოგადად, სულ ვცდილობთ სიახლეები შევიტანოთ არა მარტო ქსოვილებში, არამედ ინტერიერშიც, რადგან გარდა იმისა, რომ ჩვენთან კაბებს იძენენ, ასევე ხშირად აწყობენ ფოტოსესიებს, შესაბამისად მნიშნველოვანია ჩვენს კლიენტებს შევთავაზოდ მაქსიმალურად კომფორტული და ლამაზი გარემო. რაც შეეხება კაბებს, აქტიურად ვართ ჩართულები ახალი სტილის მოდელების შექმნაში, ამიტომ ჩვენთან მოსული კლიენტი აუცილებლად შეძლებს სასურველი დიზაინის კაბის არჩევას.

ავტორი: თაკო ღლონტი

Please follow and like us: