მმართველი პარტიის მიერ დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ 23 ნოემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. მნიშვნელოვანია, რომ 4 ჩატარებული კონკურსიდან პირველ ორში კოხრეიძეს არც ერთი ხმა არ მიუღია.  მისი არჩევიდან ორ კვირაში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა მის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი მოუწოდებენ ხელმძღვანელს არ ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაში და მოეშვას დაუსაბუთებელ თვალთვალს. ტელევიზიის ჟურნალისტების საერთო განცხადებაში წერია, რომ დირექტორი არ ენდობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებსა და ბოლოდროინდელ რეიტინგებს, სადაც აჭარის ტელევიზია სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით მიუკერძოებულ და ნეიტრალურ მედიად ითვლება.

იმ ფაქტს, რომ გიორგი კოხრეიძე უარყოფითადაა განწყობილი აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტების კრიტიკული კითხვების მიმართ ადასტურებს მისი პირდაპირი ეთერი თეონა ბაკურიძესთან – საინფორმაციო გამოშვება „მთავარის„  წამყვანთან, სადაც კოხრეიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ კითხვები მოზომილად არ იქნება დასმული, ტელევიზია დაკარგავს რესპონდენტებს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გადაცემის სტუმრის მიმართ კრიტიკული კითხვების ნაცვლად, საჭიროა კითხვები დაისვას ისე,  როგორც “საკუთარ დასთან და ძმასთან”. “ის მაინც შენიანია, რა… შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ვისი ბრალია შენი თუ სხვისი?”, —  თქვა არხის ახალმა დირექტორმა. ამ ეთერის მსვლელობისას, გიორგი კოხრეიძე წამყვანს უბრუნებდა კითხვებს. ერთ-ერთი შეკითხვისას, როცა მან პასუხი ვერ მიიღო, წამყვანს დაუყვირა, რომ „პასუხი გაეცა.“

პარასკევს, 29 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დირექტორის მოადგილემ – ნათია ზოიძემ ეს შეხვედრა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვა.როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, გიორგი კოხრეიძემ თავის მოადგილეს –  ნათია ზოიძეს ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა. გადაცემა „ჰეშთეგის“ სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ  საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძის თქმით, შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დირექტორმა თეონასთან პირდაპირი ეთერი მოიყვანა მაგალითად. გიორგი კოხრეიძის თქმით, წამყვანს „ყურში უყვიროდნენ“ და ის გაორებული იყო. აგრეთვე, ტელევიზიის ხელძღვანელმა წამყვანს უთხრა, რომ „გაგებული ჭორის“ თანახმად, თეონა ბაკურიძე ეძებს „თავშესაფარს ამერიკაში“.

როგორც ბაჩო გურაბანიძე– აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი და ჟურნალისტი  ამბობს, არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჟურნალისტების უმეტესი ნაწილისთვის გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა მოულოდნელი არ იყო. „ ვერ ვიტყვი, რომ გამიკვირდა.გარკვეული პერიოდის მანძილზე სხვადასხვა გამოცემებიც იგივეს იუწყებოდნენ.. გიორგი კოხრეიძე იყო სამთავრობო გუნდის ფავორიტი. მალევე გამოვუცხადე უნდობლობა პროცესს. ორი კონკურსის მანძილზე ერთი ხმის აღებაც ვერ შეძლო, საბოლოოდ კი – ის დირექტორი გახდა. დაწერილ სცენარს ჰგავს –  ეს შეკითხვებსა და ეჭვებს აჩენს. მეორე მხრივ, ამბობს ბაჩო –  „მინდა აუცილებლად  ვთქვა ისიც, რომ მონაწილეების კონცეფციებით, იდეებითა და სიტყვის გამოსვლის მიხედვით არ უხელმძღვანელიათ ბორდის წევრებს. ასე რომ ყოფილიყო, ბატონი გიორგი კოხრეიძე ვერ გახდებოდა დირექტორი. ვადასტურებ, რომ ბევრკანდიდატს ჰქონდა უკეთესი გეგმები ტელევიზიის გასავითარებლად. მასთან შესახვედრად  მივედით სრულიად მშვიდობიანად, მოლაპარაკების მიზნით. ვერავინ იტყვის, რომ ჟურნალისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციული ან აგრესიული კითხვებს. ბატონი გიორგი სიტყვებით ყოველთვის ადასტურებს, რომ ის არ ერევა სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა ჩვენმა შეხვედრამ ეს ფაქტი უარჰყო. საუბრისას ის ხშირად მიგვითითებდა მეტ თავშეკავებულობასა და გაწონასწორებულობაზე. აგრესია დირექტორისგან უფრო მოდიოდა, ვიდრე ჩვენგან – მან „ სპექტაკლების დადგმაში“ დაგვდო ბრალი. ჯერ-ჯერობით , ჩვენ არ გვჯერა მისი გარანტიების.

„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა დირექტორისთვის“,  „იკითხე ჩვენი სტატიები და არა სქრინები“ , „ჩვენ სპექტაკლებს არ ვდგამთ“. ამ გზავნილებით 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები გამოვიდნენ და გამართეს საპროტესტო აქცია. მთავარი მოთხოვნა „დაუსაბუთებელი ბრალდებების, თვალთვალის, შანტაჟისა და დისკრედიტაციის“ შეწყვეტა გახლდათ.

ირაკლი ყურუა– გადაცემა „ჰეშთეგის“ ხელმძღვანელი იმ ჟურნალისტთაგანია, ვინც გიორგი კოხრეიძის ქმედებებს ტელევიზიისთვის ზიანის მომტანად აფასებს. „ მაუწყებლის წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, ჟურნალისტების დიდ ნაწილს გვაქვს იმის განცდა, რომ ხელისუფლებას აჭარის მაუწყებლის კონტროლი და შესაბამისად – სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს. დირექტორად დანიშვნის დღიდან, გიორგი კოხრეიძე გამოირჩა ჟურნალისტების მიმართ აგრესიით. უხვად „გასცა რჩევები“ იმის შესახებაც თუ როგორ უნდა მოვეპყროთ გადაცემებში მოწვეულ სტუმრებს, თუ როგორი მოწიწებით და „ოჯახისშვილური“ განწყობით უნდა ვესაუბროთ მათ, და რომ სახელისუფლებო გუნდის წევრების მხრიდან გადაცემებში არმოსვლის მიზეზი ჩვენშია და ეს ჩვენივე გამოსასწორებელია. მას აქვს იმის განცდა, რომ თავად უნდა „გაარჩიოს“ და განსაჯოს ჟურნალისტების მიერ მომზადებული მედიაკონტენტი არის თუ არა შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად გამართული. ფაქტობრივად, ის გვეუბნება რომ თავადაა მსაჯული.

კითხვაზე, თუ რას აპროტესტებდნენ 4 დეკემბერს ჟურნალისტები ირაკლი გვპასუხობს –  „ ჩვენ არ ვმუშაობთ იმისთვის რომ დირექტორს ან რომელიმე სხვა ხელმძღვანელს, ხელისუფალს რაიმე მოვაწონოთ. ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებრივი ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისი მედიაკონტენტის შესაქმნელად. ვმუშაობთ იმისთვის რომ ვუპასუხოთ მაუწყებლის პრიორიტეტებს და არა – რომელიმე დირექტორის სიმპატია-ანტიპატიებს.

გიორგი კოხრეიძის უკმაყოფილება გამოიწვია გადაცემა „ჰეშთეგის“ სიუჟეტმა, რომელიც ეთერში 3 დეკემბერს გავიდა. გადაცემის ხელმძღვანელი ამბობს – „დირექტორთან შეხვედრის წინა დღეს, პირადად მე მოვამზადე ვიდეომასალა, სადაც ის სამი ჟურნალისტი ჩავწერე, რომლის მიმართაც დირექტორმა ღიად გამოხატა აგრესია; საპასუხო პოზიციის გაზიარების შესაძლებლობა დირექტორსაც მივეცით. ისიც ჩავწერეთ, ბუნებრივია. მან ჩვენ მიერ მომზადებულ ამ ვიდეომასალას სპექტაკლი უწოდა. დაიწუნა ის ფონიც კი, რომელზეც ის ჩავწერეთ. თქვა, რომ სხვა რესპონდენტებს განზრახ შევურჩიეთ ესთეტიური, ხოლო მას – დამამცირებელი ფონი. დირექტორმა ცილი დაგვწამა მიკერძოებულობაშიც. ის თვლის რომ ჩვენ კონკრეტული ინტერესთა ჯგუფის გავლენის ქვეშ ვართ და არ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესებს. „

მოლოდინებზე საუბრისას ირაკლი ყურუა მზადყოფნას აცხადებს ცივილიზებული კომუნიკაციისთვის. „დირექტორმა არაერთხელ გააჟღერა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი შეხედულებებით უკმაყოფილო მხოლოდ ოთხი ადამიანი იყო. საპროტესტო  აქციაზე საპირისპირო ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ – ჩვენ ბევრი ვართ. მზად ვართ დიალოგის და ნებისმიერი სხვა -არააგრესიული, კონსენსუსზე ორიენტირებული კომუნიკაციისთვის.

5 დეკემბერს სახალხლო დამცველი, ნინო ლომჯარიაშეხვდა დირექტორსა და ჟურნალისტებს და მათი პოზიციები მოისმინა. ჟურნალისტების თქმით, მათ დეტალურად გააცნეს მაუწყებელში არსებული კრიზისული ვითარება და პრეტენზია გამოთქვეს მრჩეველთა საბჭოსთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა : „ ჟურნალისტთა საქმიანობაში ჩარევა, მით უმეტეს იმ ხერხებითა და იმ ფორმებით, რაც ჩემთვის გახდა ცნობილი, მიუღებელია და ეს მოვლენები არაჯანსაღ გარემოს ქმნის ტელევიზიაში“. ტელევიზიის ახლადარჩეულ დირექტორს სახალხო დამცველმა მაქსიმალური თავშეკავება ურჩია. დიალოგში მან აღნიშნა, რომ დირექტორმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მენეჯმენტის საქმიანობასა და საორგანიზაციო საქმიანობებზე.  „როდესაც ბორდი არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიის მიერ, მის მიერ წარდგენილი პირები, სავარაუდოდ, ატარებენ პარტიისთვის სასურველ პოლიტიკას“ განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საუბრის შემდეგ კომენტარი გიორგი კოხრეიძემაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, „რადგან ადამიანებს უაზრო შიში გაუქრეთ“. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორს შინაარსთან დაკავშირებით ექნება პრობლემები, ან პირიქით – თანამშრომლებს მასთან, საქმე წარედგინება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სადაც მოხდება პრობლემის განხილვა და რეკომენდაციების გაცემა.

ჟურნალისტური ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებსა და დირეტორს 3 და 4 დეკემბერს შეხვდა.

„გამოითქვა სიტყვიერი თანხმობა, რომ ნებისმიერი შინაარსის დავის დროს ქარტია იქნება ჩართული და მნიშვნელოვანი რგოლი. დირექტორს იქვე ჩამოვართვით პირობა და რამდენად შესრულდება ეს პირობა, ყველა ერთად დავაკვირდებით. მან თქვა, რომ ჩვენს ინსტიტუციას ენდობა და რა შეფასებასაც დავდებთ ჩვენ, გაიზიარებს მას“. საუბრისას გიორგი მგელაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ მედიის მთავარი მონაპოვარი მისი თვითრეგულარობადობაა – როცა ჟურნალისტი უშვებს შეცდომას, ის თვითონვე ასწორებს და იღებს პასუხისმგებლობას „დასჯის მეთოდების გარეშე“.

ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი

Please follow and like us: