პატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკენოზ ანრდია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა, ქართულ ეკლესიაში კი არასდროს უმსახურია.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისად, საპატრიარქოს დაკავებულზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

„საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე რომ, ჩვენ პრინციპში მის სასულიერო პირობაზე და მის მოღვაწეობაზე არანაირი პასუხისმგებლობა და ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, დაკავებულ პირზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გადმოცემით მათთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

„არაფერი ვიცი, პირადად არ ვიცნობ. თბილისის ეპარქიაში არ არის. უბრალოდ რაც გვაქვს გადმოცემით ინფორმაცია, რომ მოიხმარდა ალკოჰოლს, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა რაღაც პრობლემა. სახლში ცხოვრობდა, როგორც ერის კაცი“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. როგორც ცნობილია, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს 40 აბი მეტადონი აღმოუჩინეს.

Please follow and like us: