საერთაშორისო სავალუტო ფონდი უმუშევრობის პროგნოზთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის კრიტიკას ნაწილობრივ იზიარებს.
როგორც “თბილისი თაიმსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უმუშევრობის პროგნოზის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის კრიტიკას ნაწილობრივ იზიარებს და მის დახვეწაზე მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“წლის ბოლოს უმუშევრობასთან დაკავშირებით იქნება უფრო ნათელი სურათი. გვექნება 2013 წლის მონაცემები, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკა. ფინანსთა მინისტრის კრიტიკას უმუშევრობის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშრებით ნაწილობრივ ვიზიარებთ და მზად ვართ მის დახვეწაზე ვიმუშაოთ. ასეთი პროგნოზის გაკეთება ზოგადად ძალიან ძნელია. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც ეხება”, – განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმოამდგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა.
23.10.13