სულ რამდენიმე დღის წინ „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა განცხადება გააკეთა და დააანონსა, რომ მოსალოდნელია, მიკროავტობუსებზე დაწესებულმა ტარიფმა 20-30 თეთრით მოიმატოს. მანვე ამის მიზეზად ის ფინანსური პრობლემები დაასახელა, რომლებიც დღეს ამ სექტორს აქვს. სწორედ ფინანსური პრობლემა განაპირობებს იმას, რომ ვერ ხერხდება ძველის ჩანაცვლება ახლით. აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, მევლუდ მელაძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ შესაბამის განცხადებას?

ეს მოსალოდნელი იყო ყველა შემთხვევაში იმიტომ, რომ საწვავი ძალიან არის გაძვირებული. გარდა ამისა, იმ კომფორტისთვის, რა კომფორტიც მოსალოდნელია – მაგალითად, ზაფხულში კონდიციონერის ჩართვა, საწვავი  კიდევ უფრო მეტია საჭირო. ჯამურად, ის ტარიფი, რაც დღეს დაწესებულია მიკროავტობუსით მგზავრობისთვის, არ არის შესაბამისი და ადეკვატური. გამომდინარე აქედან, მოსალოდნელი იყო, რომ ფასი მოიმატებდა.

სხვა ალტერნატივა თუ არსებობს?

ჩემი აზრით, მეორე ვარიანტი გაცილებით სწორია – ეს ტრანსპორტი არ უნდა იყოს კერძო, უნდა იყოს მუნიციპალური  და შესაბამისი ხარჯები და შემოსავლები უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ. როდესაც მიზანი არ იქნება ის, რომ რომელიმე კერძო კომპანიამ მოგება ნახოს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფასის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება.

რა თქმა უნდა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც, ცხადია, ძალიან ცუდია.

მგზავრთა რაოდენობის მხრივ, რა შედეგები იქნება მოსალოდნელი?

ყველაზე ცუდი ის არის, რომ მგზავრების რაოდენობა ვერ შემცირდება – თუ შემცირდება,  ეს მოხდება ძალიან მინიმალური რაოდენობით იმიტომ, რომ მოქალაქემ გადასაადგილებლად რაღაც ტრანსპორტი მაინც უნდა გამოიყენოს. უნდა მას თუ არ უნდა, ყველაზე იაფი ტრანსპორტი მაინც მიკროავტობუსი იქნება და მოუწევს მისით სარგებლობა.

ცუდი ის არის, რომ სახელმწიფო იძულებულს გვხდის, მეტი გადავიხადოთ მგზავრობაში მაშინ, როდესაც ხელფასები არ იმატებს. ძალიან რთული იქნება.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, თუკი ეს ტრანსპორტი იქნება მუნიციპალური. ალბათ, ამ გადაწყვეტილების მიღება რთულია და ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ იმ მოგების ხარჯზე, რომელიც კერძო კომპანიებმა უნდა ნახონ, ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: