იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა და ამ მოთხოვნას პასუხი ერთ თვეში გასცეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ანა დოლიძემ თანამოაზრეებთან ერთად კონკურენციის სააგენტოსთან აქცია გამართა. მისი განცხადებით, გასული წლის ივლისში კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2019 წელს სააგენტო დაიწყებდა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას, თუმცა უწყებისგან ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.

“ჩვენს მოსახლეობას წამალზე გაზრდილი ფასები უმწვავესად აწუხებს. ადამიანები ყოველ თვე ნერვიულობენ, რომ შესაძლოა ვერ შეიძინონ ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი წამლები. წამლების ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა. ხალხის სამსახურში უნდა იდგეს კონკურენციის სააგენტო, რომლის მოვალეობაა დაადგინოს წამლების კატასტროფული გაძვირება ნორმალური საბაზრო პროცესებითაა განპირობებული, თუ ეს დაკავშირებულია სხვა მოვლენებთან. მოგეხსენებათ, ბაზარზე არის რამდენიმე კომპანია. ერთ-ერთი კომპანიის მფლობელია საქართველოს პარლამენტის სამარადჟამო დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. კონკურენციის სააგენტომ, რომელიც ერთი წლის წინ დაგვპირდა, რომ დაადგენდა ფასების ზრდა არის თუ არა სამართლიანი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებთან დაკავშირებით ხმა ამოიღოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ და იქვე დასძინა, რომ ახალხანს სააგენტოს ახალი უფროსი დაინიშნა, რომელსაც ერთ თვეს აძლევენ იმისათვის, რომ შეასრულოს დაპირება, ხალხს აუხსნას, რამდენად ნორმალური და სამართლიანია, რომ ჩვენი მოსახლობის დიდი ნაწილი დარდობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი წამალი შესძლოა ვერ შეიძინოს”.

Please follow and like us: