ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ლარი მყარდება და ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობა ყველა შესაძლო მიმართულებით მუშაობს.

ნათია თურნავა ლარის გამყარებას მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას უკავშირებს.

„ლარის გამყარება არის ფაქტი. ეს არის მიმდინარე პროცესი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და არა მხოლოდ იმედი, რწმენა მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას.

ეს არის შედეგი ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელშიც ეროვნული ბანკი თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, მაგრამ არა მხოლოდ. ჩვენ ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია, ამას ვაკეთებთ წარმატებით და ამას მალე იხილავს მოსახლეობა. მეორე მხრივ კი, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციას, ვაჩქარებთ წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტის განვითარებას და ტურიზმის განვითარებას.

სწორედ ამას ხედავს ახლა ჩვენი მოსახლეობა. ეკონომიკური ზრდა კვლავაც მაღალია, ინფლაციას ჩვენ შევზღუდავთ, ლარი მყარდება. ეს არის ჩვენი მთავარი შედეგი“, – აცხადებს ნათია თურნავა.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, ამ დროისთვის ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არის 2.8950 და დღის განმავლობაში 2.88-ზეც იყო ჩამოსული. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები დღეს, დაახლოებით 17:00 საათისთვის გახდება ცნობილი.

Please follow and like us: