ქვეყნის ისტორია და მისი მახასიათებლები ნარჩუნდება ადამიანებით – ადამიანებით, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი იდეებით გააცოცხლონ და შეინახონ ის. ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია საინტერესო და მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელი ორნამენტები. „მორთულმა“ ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოიტანა. „თბილისი თაიმსს“„მორთულის“ დამფუძნებელი, კომპანიის დიზაინერი თეა რამიშვილი ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?

ქართულ ბაზარზე ჩვენ ვართ Start up-ი, სულ რაღაც 3 კვირაა, რაც დავიწყეთ გაყიდვები და გვიხარია, რომ უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს.კომპანიის შექმნის იდეა მე თვითონ გამიჩნდა,ძალიან მიყვარს მოგზაურობა და საქართველოს ყველა კუთხე მაქვს მოვლილი.სწორედ ამ მოგზაურობებში აღმოვაჩინე, რა უნიკალურ და მრავალფეროვან ორნამენტებს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე,რომლებიც გვხვდება ყველა კუთხის უძველესს ხელნაწერებში, ქსოვილებში, მხატვრობაში, ოქრომჭედლობასა და კერამიკაში.ამ ორნამენტებს ხშირად ვუღებდი სურათებს ან ვაკეთებდი ჩანახატებს და სულ ვფიქრობდი, რატომ ასოცირდება ჩვენი ქვეყანა, ძირითადად, მხოლოდ ხინკალსა და ღვინოსთან, როდესაც ამდენი უნიკალური სხვა ღირებულებაც გვაქვს.

რას საქმიანობთ და საიდან გაჩნდა იდეა?

12 წელს ბანკში ვმუშაობდი და ყოველთვის ვოცნებობდი, ისეთი რამე მეკეთებინა, რაც ხელოვნებასთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან ბავშვობიდან ვხატავდი და ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა.ერთი წლის წინ დავიწყე გრაფიკული დიზაინისადა ფოტოგრაფიის შესწავლა, მაშინვე დავიწყე ფიქრი ჩემს ბრენდზე.მაგ დროისთვის ორნამენტიკით უკვე ღრმად დავინტერესდი, ვყიდულობდი წიგნებს და ვეძებდი ბიბლიოთეკებში.ბრენდის სახელიც აქედან გაჩნდა, სიტყვა „მორთულობა“ „ორნამენტს“ ნიშნავს.

ამ წელს, 40 წლის ასაკში ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დავანებე თავი ბანკში წარმატებულ სამსახურს და მთლიანად ხელოვნების სფეროში გადმოვერთე და გადავწყვიტე, ქართული ორნამენტის მოტივები  მისი მხატვრული სილამაზითა და სიმდიდრით გადმომეტანა  თანამედროვე დიზაინსა და ჩვენს ყოველდღიურობაში. ჩვენი ბრენდის მიზანია, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორია და მისი მდიდარი წარსული.

რის მიხედვით განისაზღვრება დიზაინი, შინაარსი?

დიზაინს ვირჩევ მე თვითონ, ყველა ორნამენტი არის ნამდვილად ქართული და ისტორიული წყაროებიდან აღებული სხვადასხვა კუთხის მიხედვით.ვფიქრობ, რომ ქართული ორნამენტებისა და მათი ისტორიის გაგება საინტერესოა როგორც ქართველი, ასევე – უცხოელი მომხმარებლისთვის.

თუ გეგმავთ, პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახადოთ?

აუცილებლად გვინდა ჩვენი პროდუქციის გაფართოება, წლის ბოლომდე გვექნება წინდები თუშური და ხევსურული წინდების მსგავსი, ოღონდ ბამბის და ვფიქრობთ, რომ ასეთი წინდები ნებისმიერ სამოსს მოუხდება და ამით უფრო ხაზს გავუსვამთ ჩვენს ტრადიციებს. ასევე, ვფიქრობთ სტენდების დადგმას და გაზაფხულიდან სხვა სამოსის შექმნასაც, რა თქმა უნდა, ქართული ორნამენტებით. გარდა ამისა, დავამატებ, რომ წინდების წარმოება ხდება საქართველოში, ქარხანაში  მაღალი ხარისხის ბამბისგან.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: