ქართული დამწერლობა გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით.  საქართველოს გააჩნია მდიდარი კალიგრაფიული სკოლა და ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. „თბილისი თაიმსი“ გაგაცნობთ 19 წლის კალიგრაფს ნიკა ღუნაშვილს, რომლის  მიერ   შექმნილი ქართული ანბანის დიზაინი 6 თვის განმავლობაში სტრასბურგის ტრამვაიზე იქნება დატანილი.

 ნიკა, გვესაუბრეთ როგორ გაგიჩნდათ ინტერესი გესწავლათ კალიგრაფიის შექმნის ტექნოლოგიები.

 როცა 8 წლის ვიყავი დედამ გადაწყვიტა მივეყვანე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „მთაწმინდელში“, სადაც პროფესიულ დონეზე ასწავლიდნენ კალიგრაფიას. ჩემი მასწავლებელი იყო არაჩვეულებრივი კალიგრაფი დავით მაისურაძე, რომელმაც ძალიან შემაყვარა ეს საქმე. მერე იყო არაერთი კონკურსი, მათ შორის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული, რომელშიც ვერ გავიმარჯვე და სწორედ ეს გახდა მოტივაცია იმისა, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად განვითარებულიყავი. ყოველთვის მომწონდა რასაც ვაკეთებდი, სიამოვნებას მანიჭებდა და მანიჭებს ეს საქმე, სწორედ ამიტომ ავირჩიე კალიგრაფია.

არის თუ არა ეს ის საქმე, რომელიც სამომავლოდ თქვენს პროფესიად გარდაიქმნება თუ უბრალოდ ჰობია ქართული ასოების განსხვავებული დიზაინით წარმოდგენა?

 კალიგრაფია ჩემთვის ჰობზე მეტია და ვთვლი, რომ ხელოვნების ეს დარგი უკვე იქცა ჩემს პოროფესიად.

მოგვიყევით  ასოების ახალი დიზაინის შექმნის პროცედურაზე და დაახლოებით რა რესურსია მისი შექმნისთვის საჭირო?

ანბანი კიდურყვავილოვანი სტილის მიხედვით შევქმენი. ეს არის ძველი ქართული სტილი, რომელსაც იყენებდნენ ხელნაწერებში, საზედაო ასოების გასაფორმებლად, სწორედ მისი განახლებული ვერსიაა სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი, შევცვალე ფერები და დავამატე გარკვეული დეტალები.

თქვენ უბრალოდ ასოების  დიზაინის შექმნაზე მუშაობთ თუ ასევე წიგნების ხელით გადაწერითაც ხართ დაინტერესებული?

რადგან  ჩემი საქმიანობის სფერო კალიგრაფიაა, შესაძლოა მომავალში წიგნის გადაწერითაც დავინტერესდე. თუმცა ავღნიშნავ, რომ  ეს ძალიან შრომატევადი პროცესია.

ქართული ანბანი სტრასბურგის ტრამვაიზე 6 თვე იქნება გამოსახული, მოგვიყევით როგორ მოხდა ეს ყოველივე.

სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც მე რატომ ამარჩიეს არ ვიცი. რეგულარულად ვაქვეყნებდი ხოლმე ჩემს ნამუშვრებს ინტერნეტსივრცეში და ,ვფიქრობ, დაინტერესებაც აქედან წამოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დამიკავშირდა და შემომთავაზა აღნიშნულ პროექტზე მუშაობა, ბევრი არ მიფიქრია და რა თქმა უნდა დავთანხმდი, რადგან ეს იყო კარგი შესაძლებლობა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამეცნო ჩემი ქვეყნის კულტურა, იმ კუთხით, რა კუთხითაც მე ამას ვხედავ. პროექტზე ერთი თვე ვიმუშავე და მიუხედავად არაერთი გათენებული ღამისა, ნერვიულობისა და ბევრი ფიქრისა, იმაზე თუ როგორ მიმეწოდებინა ჩემი ქვეყნის ანბანი სტრასბურგში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ეს იყო ძალიან მაგარი გამოცდილება. გამოცდილება, რომელმაც მომცა საშუალება სხვებისთვის გამეზიარებინა ჩემი საყვარელი საქმიანობა.

როგორი შეგძნებაა, როდესაც ხელს უწყობთ ეროვნული მახასიათებლის პოპულარიზაციას სხვა ქვეყანაში?

ეს  დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც საკუთარი  ქვეყნის კულტურის პოპულალიზაციაში, მცირედი წვლილის  შეტანა შემიძლია.

 ჩემთვის ცნობილია , რომ ქმნით ასევე  კალიგრამებს (სიტყვისა და გამოსახულების ერთობლიობა),  რისი გამოხატვა გსურთ თქვენი თითოეული ნამუშევრით?

კალიგრამების შექმნა   დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ამით გადმოვცემ ჩემს ემოციებს ქართული კალიგრაფიის მიმართ.

 აპირებთ თუ არა სამომავლოთ სიახლეები შესთავაზოთ ადამიანებს, რომლებიც    დაინტერესებულები არიან თქვენი შემოქმედებით.

სამომავლოდ მინდა კალიგრაფია გრაფიკულ დიზაინთან გავერთიანო და უფრო საინტერესო ნამუშევრები შევქმნა.

ავტორი: თაკო ღლონტი

Please follow and like us: