დღეს უნივერსიტეტისკენ მივიჩქაროდი, როდესაც ქუჩაში მოსაუბრეებისგან რამდენიმეჯერ გავიგე სიტყვა „პარლამენტში“, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რა ხდებოდა და გამიკვირდა თუ რატომ ახსენეს ასე ხშირად „დემოკრატიის სასახლე“ ხო და მეც  რატომღაც ამეკვიატა ფიქრი თუ  როდის და რატომ აიგო დიდებული შენობა. საქართველოს პარლამენტის შენობა დიდი ისტორიით ნამდვილად დაიკვეხნის. როგორც გავიგე იგი არქიტექტორებისვ.კოკორინისა და გ. ლეჟავას მონაწილეობით1938 წელს აშენდა. თავდაპირველად მასში საქართველოს ყოფილი სსრ-ის მთავრობა „მოღვაწეობდა“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის შენობა გახდა.  პარლამენტის ფუნქცია მას შემდეგ დაკარგა, რაც დეპუტატებმა ქუთაისში, ახალ შენობაში გადაინაცვლეს, მაგრამ დიდი ხნით ვერ გაძლეს და ისევ რუსთაველს მოადგნენ.

რა აღარ დამართნია და უნახავს ამ მართლაც,რომ არქიტექტურულ შედევრს, ნიჩბით დაჩეხილი ახალგაზრდების ცხედრები, მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ფერადი ტიტები, შენობა 90-იანებში დაუცხრილავთ და ზედ ტანკები შეუყენებიათ, „ბოსტონის ჩაის სმა“ არა, მაგრამ „შევარდნაძის ცივი ჩაის სმა“  სწორედ ამ შენობაში მოხდა, მის შიგნით დეპუტატების სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება ხომ საერთოდ, ყოველდღიური სანახაობა გახდა და აღარც გვიკვირს, ერთმანეთის „თავებზე დახტომა“, რუსეთის „დუმის“ წევრების მიერ სპიკერის სკამის „ოკუპირება“ (ტერიტორიებისა და გონების „ოკუპაციას“ არ დაჯერდნენ), ამ ბოლოს კი დეპუტატებს შორის ახალი ტენდენცია შეინიშნება: ერთმანეთთან პაექრობა თუ ვის უფრო მეტად უყვარს ეკლესია და ღვთის სახელით ერთმანეთის „დამთავრება“, მაგრამ დღევანდელმა ფაქტმა იმდენად გამაკვირვა, რომ თავიდან ვერც კი დავიჯერე.

„პარლამენტში გაზი გაუშვეს..“ ამ სიტყვებით მომითხრო მეგობარმა პარლამენტში არსებულ სიტუაციაზე. მეგონა რაღაც სპეცოპერაციის  ან ტერორისტული აქტის შესახებ მიყვებოდა, მაგრამ როგორც შემდეგ გავიგე „გაზი“ ნივთიერება ACD-2Фაღმოჩნდა. ეს სითხე პარლამენტის სხდომის დროს დარბაზში დააქციეს, რის შემდეგაც შენობა გოგირდის სუნმა დაფარა, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სხდომა შეწყდა. სითხის დაქცევა საკუთარ თავზე მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო. მათი თქმით, სითხე საშიში ნივთიერება სულაც არ იყო და ამით პროტესტი გამოუცხადეს „ამყრალებულ სისტემას“ და დაგმეს უვადო მოსამართლეების პოსტზე 12  კანდიდატურის დადასტურება.

კი ბატონო, სისტემა მართლაც „ამყრალებულია“, მაგრამ მსგავსი სახის პროტესტი რამდენად მისაღებია ეგ უკვე საკამათოა. არის კი სხდომათა დარბაზში ისეთი ნივთიერების დასხმა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს, გამოხატვის თავისუფლება?!. დარწმუნებული ვარ „სირცხვილიას“ მხარდამჭერების ნაწილსაც კი არ მოეწონებოდა რაც მათ გააკეთეს. რა აზრი აქვს მსგავს პროტესტს?! პროტესტს, რომლითაც შენ მიმართ არსებულ საზოგადოების ნდობას კიარ ზრდი, არამედ აქარწყლებ, თანაც ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური ძალაა. ჯობია, ხალხს სწორი საქმე  დავანახოთ. პროტესტი და კრიტიკული შეხედულება იმის მიმართ, რაც არ მოგვწონს და ჩვენს ზნეობაში არ ჯდება აუცილებელია, მაგრამ არა სხვისი უფლებების შეზღუდვით და სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებით. „მოყვარეს პირში უძრახეო…“, მაგრამ მოყვარე მოწამლე ან თვალები დათხარეო ამას  ჩვენი „ერის მამა“ ნამდვილადარ გვასწავლის.  „ამყრალებულ სისტემას“ ძალადობრივი ქმედებით ვერ შევცვლით, მართალია მათგანაც იგივეს ვიღებთ, მაგალთად 20 ივნისის ღამეს, მაგრამ ძალადობას ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ, თუნდაც ეს სიმართლის სახელით კეთდებოდეს. შეიძლება ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ვინმემ იფიქროს, რომ მმართველ ძალას ვიცავ. არა მეგობრებო, უბრალოდ მინდა, რომ შემდეგ ჯერზე „იპრის ბრძოლის“ ნაცვლად სამართლიანი პროტესტის მონაწილე გავხდე.

ავტორი: თორნიკე ჭიტაძე

Please follow and like us: