სულ რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტით, ანუ 9.0 პროცენტამდე გაზრდის შესახებ. ამ წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი 111 400-ზე მეტ ადამიანზეა გაცემული. სესხი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
აღნიშნულ საკითხსა და ლარის კურსზე შესაბამისი პროცესის გავლენაზე „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე პასუხობს.
ვინ არიან ეს ადამიანები?
ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც იპოთეკური ან სხვა ტიპის სესხი აქვთ აღებული და მიბმულია ის რეფინანსირების განაკვეთზე. ასეთი კი, პირველი ნოემბრის მონაცემებით, 111 400 ადამიანია, მათ შორის ყველაზე მეტი არის იპოთეკური სესხი, შემდეგ – სამომხმარებლო სესხი და ა.შ. ამ ადამიანებს სესხი აქვთ ლარში. შესაბამისად, მათი სესხის პროცენტი არის ცვლადი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ იცვლება რეფინანსირების განაკვეთი – იზრდება ან მცირდება ის, შესაბამისად, იცვლება კრედიტის პროცენტი.
ამ შემთხვევაში, რადგან საქმე გვაქვს ზრდასთან, 111 400 ადამიანისთვის გაიზარდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი.
მსგავსი შედეგი მოსალოდნელი იყო?
იმ ადამიანებმა, რომლებსაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვთ, უნდა იცოდნენ – უმრავლესობა საქმის კურსშია, ბანკი მათ თავიდანვე აწვდის შესაბამის ინფორმაციას – რომ თუ რეფინანსირების განაკვეთი შეიცვლება, შეიცვლება მათი სესხის პროცენტიც.
ეს არ არის იმიტირებული პროცენტი. წელიწადში რვაჯერ იმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და ამ სხდომაზე ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას – შეამციროს, გაზარდოს თუ იმავე მაჩვენებელზე დატოვოს რეფინანსირების განაკვეთი.
ამ პროცესს რა კავშირი აქვს ლარის კურსის ცვლილებასთან?
თუ ლარს დავაკვირდებით, მცირეოდენ მერყეობას შევამჩნევთ. როგორც ვხედავთ, ის ახალ ნიშნულს ეძებს.
ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც გამოიკვეთება რეფინანსირების განაკვეთის ზრდაში, ხელს უწყობს იმას, რომ ლარზე ზეწოლა შემცირდეს. ამ ბერკეტის გამოყენებით მცირდება ერთიანი მოთხოვნა, რაც ლარს ეხმარება იმაში, რომ ის უფრო მეტად არ გაუფასურდეს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი ბერკეტია. თავისთავად, ლარის კურსზე გარკვეული დადებითი ეფექტი ექნება სამომავლოდ იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, ფაქტობრივად, აქვს როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი მხარეები. ეს არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. როდესაც ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება ნაკლები ეკონომიკური აქტივობა, ნაკლები ეკონომიკური მოძრაობა, რაც შეამცირებს ინფლაციას და გაამყარებს ლარის კურსს. მაგრამ უარყოფითი მხარე გახლავთ ის, რომ ეკონომიკური ზრდა გვექნება ნაკლები.
ავტორი: მარიამ ტიელიძე