ყველანაირი საქმიანობა რისკებთან არის დაკავშირებული. ეს ყველამ იცის, მათ შორის იმან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, საკუთარ იდეას ხორცი შეასხას და რომელიმე სფეროს აქტიური წარმომადგენელი გახდეს. ცხადია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ბიზნესმენი იყოს სანდო და ღირსეული, რომ მას ყოველთვის ჰყავდეს  მადლიერი მომხმარებელი. როდესაც პროდუქცია მომხმარებლის ჯიბიდან დიდი რაოდენობის თანხის გაცემას გულისხმობს, ყველაფერი გაცილებით სარისკოა. ძვირფასი ლითონების ბიზნესი ყოველთვის შედარებით მეტ კითხვაზე ითხოვს პასუხს. ჩვენ გვსმენია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ადამიანი მოატყუეს და ბევრად ნაკლები ხარისხის ლითონი შეიძინა მან. როგორც წესი, კლიენტები მხოლოდ ერთეულებს ენდობიან და მხოლოდ ამ ერთეულებთან ყიდულობენ სასურველ ლითონს.

ირმა მოსიაშვილი, ძვირფასი ლითონის ექსპერტი.

აყალბება ხშირი არ არის. ასეა თუ ისეა, შეიძლება, ის კონტროლი არ არის, რაც სასურველია, მაგრამ გაყალბების შემთხვევა მაინც არ არის ხშირი. ვერ ვიტყვი, რომ ოქროს ბირჟაზე სპილენძია და ოქროდ ყიდიან, ან ვერცხლი არ არის და ვერცხლად ყიდიან, მაგრამ მაინც სჭირდება კონტროლი სინჯებს. ბაჯაღლოები, მეტ-ნაკლებად, საქართველოში გამოსწორებულია. იყო ერთი პერიოდი, რომ ბაჯაღლოს რგოლში, შიგნით, გატარებული იყო არაძვირფასი მეტალი და ქვაზე დასინჯვით ვერ ჩავდიოდით იმ სიღრმეში, რომ იქ არაძვირფასი მეტალი დაგვესინჯა შესაბამისი დონით. ამიტომ უნდა ჩაქლიბულიყო, გადაჭრილიყო… ერთი პერიოდი, გაიპარა კიდევაც ისეთი მომენტი, რომ ერთმა დაჯგუფებამ შემოიტანა ბირჟაზე ასეთი კალიცოები, რომლებიც, ოფიციალურად, ოქროს ბირჟის  ინდივიდურ სასინჯი ზედამხედველობის ოთახში დაისინჯა, დაიდამღა, მაგრამ შიგნით აღმოჩნდა არაძვირფასი მეტალი. ეს ამბავი დროთა განმავლობაში გაირკვა. ახლა საქართველოში 5-6 წელიწადია, კუთრი წონის აპარატია შემოსული, რომელიც არის უძველესი დროიდან, მე-4 საუკუნის და ისინჯება ამოგდების ძალით. ისინჯება რგოლი და ზუსტი სინჯი, ან შიგნიარის თუ არა რამე, ყველაფერს ვადგენთ.

როგორც ბიზნესი, ეს სფერო რამდენად სარისკოა და რა უნარებს მოითხოვს?

ზოგადად, ყველა ბიზნესს ჭკუა და გონება სჭირდება. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, სწორი მუშაობა უნდა იცოდე. უნდა ფლობდე ყველანაირ ინფორმაციას ოქროს გარშემო. ჩვენთან, „სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში“, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ბრძანება იყო, რომ დილერი ვერ დაჯდებოდა დახლთან, თუ ის, ელემენტარულად, სინჯთან, ფერთან, წელთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ფლობდა,  ბეჭედი რომ მიეწოდებინა. დაახლოებით მაინც უნდა სცოდნოდა ამ ბეჭდის შინაარსი – 50 – 70 % – ით მაინც: დამღის ამოცნობა, სახელობითი დამღი(სად არის დადამღული)… იყო კიდევ მესამე დამღი, რომელსაც ერქვა ლიტერდე – დამატებითი დამღი. ეს ნიშნავს შემდეგს – 583 -ია ცენტრალური, მთლიანი ბეჭედი და 750 სინჯში ზის ბრილიანტები. ზუსტად ეს ნიუანსებია, დღეს რომ ბირჟაზე მისახედი და გასათვალისწინებელია. დასასუფთავებელი, დასახვეწია ჩვენი ბირჟები.

სახელმწიფო კონტროლი, ამ მიმართულებით, არ არსებობს. არავინ აკონტროლებს, როგორი ნაკეთობები იყიდება დღევანდელ ოქროს ბირჟებზე. ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ამ სფეროში ღირსეული იყოს და სხვა ქვეყნებსაც გასცდეს. თუმცა ეს მხოლოდ ბიზნესმენის კეთილსინდისიერებასა და ღირსებაზეა დამოკიდებული. რაც უფრო სწორად მართავს ის საკუთარ საქმეს, მით უფრო მეტად კმაყოფილია მომხმარებელი და წარმატებულია ბიზნესი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: