საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  განცხადება მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები სწორად განვითარდეს.

ირაკლი კობახიძემ ორ საკითხს გაუსვა ხაზი, რაზეც, მისი თქმით, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაშია ყურადღება გამახვილებული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც არის მთავარი უწყება ამ მიმართულებით, მხარდამჭერი განცხადება. აქ  არის გამოკვეთილი ორი ძირითადი საკითხი -ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც ვმუშაობდით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის პირველ რიგში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მეოთხე ტალღის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, არის პირველ რიგში გამოტანილი ამ განცხადებაში. ასევე, ჩვენი ამერიკელი მეგობრები მიესალმებიან იმ დიალოგს, რომელშიც შევედით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს მხარდამჭერი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში სწორად განვითარდეს მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მეგობრობას და პარტნიორობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პირველ რიგში, იცით, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, მათ მათ მაღალ  შეფასებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ დეპარტამენტის განცხადებაში პოლიტიკურ პროკურატურზე ან პოლიტიკურ სასამართლოზე საუბარი არ არის.

„როცა ვამბობდი, რომ არასწორად ითარგმნება, სწორედ ეს არის არასწორი თარგმანი. პოლიტიკურ პროკურატურზე, არც პოლიტიკურ სასამართლოზე აქ არ არის საუბარი, აქ არის საუბარი, რომ უნდა გააძლიეროს საქართველომ ძალისხმევა იმისათვის, რომ არ იყოს არანაირად უზრუნველყოფილი მიკერძოება  პროკურატურის ან სასამართლოსი.წერია, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ არ იყოს მიკერძოებული არც პროკურატურა, არც სასამართლო. არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა ან სასამართლო, არც დაჟინებაზე არ არის საუბარი და არც დაუჟინებელ მოთხოვნაზე,

მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებსაც შეუძლიათ ამ განცხადების სწორად წაკითხვა , უბრალოდ სხვანაირად წარმოაჩენენ, კარგად იციან, რომ ეს განცხადება რეალურად არის მხარდამჭერი განცხადება. რაც შეეხება ძალისხმევის გაძლიერებას, რაზეც არის საუბარი სასამართლოსთან, პროკურატურასთან მიმართებით, ამაზე ვსაუბრობთ მთელი პერიოდია, ამისთვის განხორციელდა მათ შორის მეოთხე ტალღა და მეოთხე ტალღას სჭირდება განხორციელება პრაქტიკის დონეზე“ ,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა სასამართლოსა და პროკურატურის  დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერებისათვის.

მისივე განმარტებით, ძალისხმევის გაძლიერებაზე მოწოდება კრიტიკა არ არის.

„მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ გაძლიერდეს ძალისხმევა სასამართლოს და პროკურატურის  დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერებისათვის, არ არის კრიტიკა, ეს არის ის, რაზეც ერთად ვმუშაობთ ამერიკელ პარტიორებთან ერთად“ ,- განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.

Please follow and like us: