თემის სპეციფიკიდან გამომდინარე სექსუალური განათლების შესახებ ინფორმაციას მოზარდები ნაკლებად, ან საერთოდ ვერ იღებენ. საქართველოში მშობლების უმრავლესობა არ თვლის საჭიროდ, რომ შვილს ესაუბროს მის ფიზიკურ განვითარებასა და მოთხოვნილებებზე. ამას მოჰყვება გარკვეული სირთულეები ბავშვის სექსუალური ქცევის მართვასთან დაკავშირებით.

ფსიქოლიგი – ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება მოზარდის ფიზიკურ განვითარებასა და სექსუალური განათლების სწორად მიწოდების შესახებ.

მოზარდის ფსიქოლოგია
„მოზარდებიროგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური განვითარების ძალიან რთულ ეტაპს გადიან. ეს არის არათანმიმდევრული, სპონტანური და ბობოქარი პერიოდი. მძიმდება სხეული, იცვლება ფსიქიკა, იწყება ძიება და პროტესტი. ამ დროს მოზარდი ელის თანადგომას, თანაგრძნობას, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესწილად იღებს შენიშვნებს და მიუღებლობას.“

სექსუალური განათლების შემოღება სკოლებში
„ეს საკმაოდ საფრთხილო და აქტუალური თემაა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაშინ როცა, თანამედროვე ბავშვებს და მოზარდებს, ადვილად შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია ამ თემაზე. მოგეხსენებათ, თანამედროვე ინტერნეტ სივრცეში, ბავშვებსაც და მოზარდებსაც, ნებისმიერ ინფორმაციასთან აქვთ წვდომა, ხშირად არ კონტროლდება უფროსებისგან რას უყურებენ და კითხულობენ ისინი, ამიტომ მოზარდებს შესაძლოა დამახინჯებული  და არასწორი წარმოდგენა შეექმნათ სექსუალურ ცხოვრებაზე“.

საქვეყნოდ ტაბუდადებული საკითხის რისკები
„მოზარდები ძალიან გულჩვილი, ფაქიზი ფსიქიკის მატარებლები არიან, მათ უნდა იცოდნენ ამ პერიოდის მახასიათებელი თავისებურებები და მოზღვავებული სექსუალური ენერგიის სუბლიმაციის გზები.რისკი შესაძლოა საკმაოდ დიდი იყოს. ამ დროს მოზარდებს უამრავი კითხვა უჩნდებათ.მოზარდი ხშირად ვერც კი ხვდება, რომ მასზე ძალადობენ.სექსუალური აღზდა, სწორედ ამ ნიუანსებს უნდა შეიცავდეს. ავტობუსშითუ ვიღაც უზნეო გეხება და თავის მახინჯ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, კი არ უნდა გაჩუმდე და შეგრცხვეს, არამედ უნდა გააპროტესტო.“

კვალიფიკაცია, ვინ უნდა ჩაატაროს გაკვეთილები?
„მეორე საკითხია, რა ფორმით ჩატარდება გაკვეთილები და ვინ ჩაატარებს მათ, რამდენად გვყავს კვალიფიციური სპეციალისტები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მშობლებსაც უძნელდებათ შვილებთან ამ საკითხზე საუბარი. მოზარდებს კი უამრავი კითხვა უჩნდებათ და  პასუხს თავად ეძებენ მეგობრებში, ან ინტერნეტ სივრცეში. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების განათლებაც.ზოგი მშობელი ახერხებს შვილთან ამ თემაზე საუბარს, უხსნის და აწოდებს შესაბამის ინფორმაციას, მაგრამ რა ქნას ბავშვმა, რომლის მშობელიც იბნევა ამ კითხვის გაგონებაზე და შეიძლება შვილი დატუქსოს კიდეც ჯანსაღი ინტერესის გამო?  მათთვის ტრენინგების ჩატარება და სწავლება იმისა, თუ როგორ დაეხმარნონ მოზარდს რთული ინფორმაციული ნაკადის სწორად გაანალიზებასა და შინაგანი ცვლილებების ადვილად გადატანაში.“

დამახინჯებული ინფორმაციების შესახებ
„მოზარდები ხშირად პორნოგრაფიის საშუალებით ცდილობენ ცნობიმოყვარეობის დაკმაყოფილებას და იქ ნანახი რეალობად მიაჩნიათ. ზოგადად  იქ წარმოდგენილი სიუჟეტი, ახლოსაც კი არ არის რეალობასთან, ამიტომ მოზარდს შესაძლოა გაუჩნდეს უამრავი კომპლექსი, თავი იგრძნოს უსუსურად და დაითრგუნოს.მე პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვარ, ჩემთან მოსული მოზარდები ხშირად ეხებიან ამ თემას და შვებას გრძნობენ, როცა მათთვის საინტერესო თემაზე მშვიდ რეაქციას და თანადგომას ხედავენ ჩემგან. მქონია შემთხვევა, როდესაც მოზარდისთვის უდიდესი შვება მოუტანია, მხოლოდ იმისთქმას,რომ ამ თემით  დაინტერესება და სპონტანური ლტოლვა, ნორმალურია და ამით არაფერს აშავებს.  მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქაოტური, გაუცხრილავი ინფორმაციით შეშინებულ მოზარდებს, ხშირად ძლიერი შიში ეუფლებათ და ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობამდეც კი მიდიან“.

ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი

Please follow and like us: