საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მჭიდრო კავშირშია თავის პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ სრულად იყოს გაანალიზებული საფრთხეები, რომელიც შეიძლება, შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის სხდომა გახარიამ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო.

ასევე, მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყებას მიღებული აქვს დავალება, სრული დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დაძაბულობის ზონაში იყოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი ყველას ყურადღება იყო მიპყრობილი იმ ვითარებაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან და დღემდე, სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად, ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ჩვენ უახლოეს კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც, დღემდე ყურადღებით  ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება ფართოდ რეგიონში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს შესაბამისი უწყებები საფრთხეების გასაანალიზებლად პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.

„გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავის პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რომ სრულად იყოს გაანალიზებული საფრთხეები, რომელიც შეიძლება, შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, მისი წარმომადგენლობების – საკონსულოების, საელჩოების საშუალებით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დღეს იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, სრული დახმარება აღმოუჩინოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Please follow and like us: