ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“„უნებლიედ“ ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თვითმფრინავი მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „სენსიტიურ ტერიტორიას“ მიუახლოვდა.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავე პირი სათანადოდ აგებს პასუხს.

აღსანიშნავია, რომ ირანი აქამდე კატეგორიულად უარყოფდა ვარაუდებს იმის შესახებ, რომ უკრაინული „ბოინგ 737“ დედაქალაქთან ახლოს ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

Please follow and like us: