ამ ეტაპზე, საქართველოში ადამიანები თავს ვირუსული გრიპისგან იცავენ და მას ებრძვიან. არცთუ ისე ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებენ და რჩევას ექიმს არ ეკითხებიან. ამან შესაძლოა, ინდივიდური შემთხვევა არასწორად განავითაროს.

როგორ ვებრძოლოთ მას და რა წესები უნდა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის? საკითხის ირგვლივ „თბილისი თაიმსს“ პროფესორი მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.

უპირველესად, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ვირუსული გრიპისგან?

როგორც ვიცით, გრიპის ვირუსი უფრო ხშირად ბავშვებს ემართებათ. ყველაზე მნიშვნელოვანია ხელების დაბანა – ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, ქაღალდის ხელსახოცის ერთჯერადი გამოყენება და შემდგომ მისი გადაგდება. მოვარიდოთ პატარები იმ ადამიანებთან კონტაქტს, რომლებიც უკვე დაავადებულნი არიან სასუნთქი გზების ინფექციით.

სკოლასა და ბაღში თუ მსგავსი სიმპოტომები (ხველა, გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, სხეულის ტემპერატურის მატება) აღინიშნება, არ ვატაროთ ბავშვი, რათა სხვა ბავშვებიც არ დავაინფიციროთ.

ნიღაბი, რომლის ტარებაც აუცილებელია ვირუსული გრიპის დროს, სასურველია, გამოიცვალოს ყოველ 2 ან 3 საათში ერთხელ.

მაღალი სიცხის შემთხვევაში, განსაკუთრებით, ჩვილებში, იმუნური სისტემის სისუსტის გამო აუცილებელია დროული კონსულტაცია, განსაკუთრებით – სეზონური ვირუსული ინფექციების არსებობის ფონზე პედიტრთან შემდგომი გართულებების არიდებისა და პრევენიციის მიზნით.

პროფესორი მაკა ბულეიშვილი გვაძლევს რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ვირუსული გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.

ჩივილები – ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, ხველა, ნახველის ევაკუაციის გაძნელება, კუნთების ტკივილი, ტკივილი სახსრებში.

აღნიშნული სიმპტომის აღმოჩენისთანავე, ავიფაროთ ნიღაბი. თუ ტემპერატურა მაღალია, მივიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები (ასპირინი არა). მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ვეცადოთ, ოჯახში ამ სიმპტომების მქონე ადამიანი მოვათავსოთ ცალკე, მოვარიდოთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს, რამდენადაც ცნობილია, რომ ვირუსული გრიპი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით.

ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (დიაბეტი, გულის უკმარისობა, არტ ჰიპერტენზია, ბრონქული ასთმა) განსაკუთრებით წარმოადგენენ რისკ ჯგუფებს, ამიტომაც აუცილებელია, პრევენციის მიზნით ვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას და, აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლის მივმარყოთ ოჯახის, უბნის ექიმს. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით – ხველების და ცემინების შემდეგ. იკვებეთ ჯანსაღად, გაანიავეთ ოთახი, მიირთვით დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ხილის წვენები, ციტრუსი, ხორცი და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ სითხეების მიღება.

სიფრთხილე მართებთ ორსულებს. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს – განსაკუთრებით, თუ ტემპერატურის მატება აღინიშნება.

გაითვალისწინეთ – ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ ანტიბიოტიკები – ვირუსის წინააღმდეგ მათი მოქმედება არაეფექტურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვირუსული გრიპის მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების დანიშვნის საკითხს გადაწყვეტს ექიმი – ისინი არ მიიღოთ თვითნებურად – კლინიკო-ლაბორატორიული ანალიზისა და მიღებული დასკვნის შედეგად.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: