ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ცე ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები არ დაზარალებულან.

დავით სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნულ საკითხს გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა და გამომდინარე იქიდან, რომ დასკვნაში მითითებულ პერიოდში ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, თავი ვალდებულად მიიჩნია, განმარტებები გაეკეთებინა.

დავით სერგეენკო საკითხს რამდენიმე ნაწილად ჰყოფს და აცხადებს, რომ არც პაციენტები დაზარალებულან და არც ფინანსური ზარალი ყოფილა.

„პირველი ნაწილი არის პაციენტი, დაზარალდა თუ არა ერთი პაციენტი მაინც? არა, რადგან 2015-2016 წლებიდან, როდესაც პაციენტების მხრიდან ამ პროგრამაში ჩართვაზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა პაციენტების პროაქტიულად მოძიება პროგრამაში.  ჩასართავად. მეორე საკითხი – მკურნალობდნენ თუ არა პაციენტები ვადაგასული წამლებით? არა, რადგან ამ პერიოდში ჩვენ უკვე გვქონდა „ჰარვონის“ ახალი პარტია, რომელიც იყო ვადიანი. მესამე არის ფინანსური ნაწილი. ყველა დამეთანხმება, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ძალიან ბრუტალურად ჟღერს და ისმის კითხვა, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო განფასება გაეკეთებინა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რამე ასეთ პორტალში 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა. თუ აუდიტის სამსახურის მიერ დათვლილ ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ უკვე 17 მილიარდის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მისი თქმით, საკითხის შემდეგი ნაწილი პარტნიორების რეაქციაა – იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ და რა რეაქცია ჰქონდათ.

მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ, ჩვენ გვქონდა შეთავაზება. რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა წამლის ნაწილი, რადგან ვერ ხდებოდა ათვისება. თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს ექსკლუზივი, უფასო მედიკამენტი მთელს მსოფლიოში აქვს ექსკლუზიურად საქართველოს. რა რეაქცია მოყვა მათგან ამ ამბავს? ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, 2019 წლის აპრილში ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ყველა პარტნიორის ჩართულობით, საქართველომ როგორც ქვეყანამ, მიიღო ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Please follow and like us: