მიმდინარე წელს ზამთარი აშკარად თბილია. ვისთვის სასიამოვნო და ვისთვის უსიამოვნო სეზონი გაცილებით უცნაურია, ვიდრე გასულ წლებში. ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ ზამთარი მომდევნო სეზონის ხარჯზეა თბილი და ცივ გაზაფხულს უნდა ველოდით, თუმცა, ამ ეტაპზე, არ არის შესაძლებელი, ვივარაუდოთ, როგორი გაზაფხული გველის წინ. თუმცა, შესაძლებელია იმ მიზეზებზე საუბარი, თუ რატომ არ არის ცივი ამინდები ამ ზამთარს. საკითხის ირგვლივ  „თბილისი თაიმსს“ სინოპტიკოსი  დოდო გვაზავა ესაუბრა.

რატომ  არის ეს ზამთარი გაცილებით თბილი?

სეზონური პროგნოზები გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვერ დგინდება, ჯერჯერობით და ყოველთვის ვეყრდნობით ევროპის განვითარებული ქვეყნების ექსპერტების მიერ დადგენილ პროგნოზებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ, როგორც გასულ წელს, ისე – მიმდინარე წელს, ამიერკავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში შემავალი ქვეყნებისთვის ამინდის ძირითადი განმაპირობებელი (სეზონის განმავლობაში) იყო ატლანტის, ინდოეთისა  და წყნარ ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები – საუბარია, ცხადია, სინოპტიკურ პროცესებზე. ეს კი განსაზღვრავდა, რომ გასულ წელს და ამ წელს ზამთრის სეზონი იქნებოდა საქართველოში თბილი – მრავალწლიურთან შედარებით და ნაკლებნალექიანი.

თუ გადავხედავთ ზამთრის გასულ ორ თვეს, დავინახავთ, რომ ნამდვილად იყო ნაკლებნალექიანი და შეიძლება, მეტად ნალექიანიც კი, რადგან შარშან ბაკურიანისა და გუდაურის მიდამოებში თოვლის საფარი იმდენად დიდი იყო – 1.30 მეტრი შარშანდელი ნოემბრის თვის ბოლოს, რომ ყინვებმა ეს საფარი, თითქმის, გაზაფხულის დასაწყისამდე შეინარჩუნა მიუხედავად იმისა, რომ არც შარშან თოვდა.

წელს, ჯერჯერობით, მემგონი, კატაკლიზმთან გვაქვს საქმე, თუმცა სეზონის შეფასება ჯერ არ დასრულებულა. დასავლეთ საქართველოში კი მოვიდა თოვლი, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც – შარშან.

საშიშია ასეთი ზამთარი?

სოფლის მეურნეობის მხრივ, ყველამ ვიცით, რომ, მაგალითად, ხორბალს თოვლი სჭირდება გამოსაზამთრებლად და მღრღნელებისგან დასაცავად. ასეთი ზამთარი მემგონი, რომ ყველაფრისთვის უსიამოვნოა.

სამედიცინო კლიმატოლოგიას რაც შეეხება, ის გვასწავლის, რომ მაღალი წნევის მატარებლებისთვის, გულის პრობლემების მქონე ადამიანებისა და მსგავსთათვის საჭიროა თოვლიანი გარემო.

რა განაპირობებს ამინდს საქართველოში?

მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროს არ აქვს საზღვრები, სხვადასხვა სახელმწიფოდან შემოსული ჰაერის მასებსა და გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული საქართველოს ამინდის პროგნოზი ისევე, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ამინდის პროგნოზი.

იმ პროდუქტს, რომლისგანაც ამინდს ვიღებთ, ჰქვია ციკლონი, ანტიციკლონი. საქართველოს ამინდს, ძირითადად, ზამთრის პერიოდში განაპირობებს  ციმბირის ანტიციკლონი, რომელიც არის ძალიან მძლავრი იმ მხრივ, რომ ძალიან ცივია, რადგან ის წარმოიშობა ანტიციკლონიდან წამოსული ცივი ჰაერის მასებისგან. ჩვეულებრივ, ეს ანტიციკლონი ვერ წარმოიშობა იმის გამო, რომ ატლანტის ოკეანიდან ჩრდილოეთისკენ შემოდის შედარებით დაბალი წნევის არე, რომელიც უფრო მეტად ათბობს.

სეზონური პროგნოზი, როცა უკვე ზამთრის ბოლო თვის ბოლო დღეებია, დაახლოებით, მაშინ დგინდება.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: