მართალი გითხრათ, არ ვიცი ვინმეს თუ სჯერა საქართველოში იმის, რომ ეს საპროკურორო საბჭო აარჩევს პოლიტიკურად დამოუკიდებელ გენერალურ პროკურორს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გენერალური პროკურორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის სერიოზული გამოწვევა და ამაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც აცხადებენ.

„სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ მანამდეც დაამტკიცა, რომ ის ირჩევს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის შემსრულებელ პროკურორებს, გინდ შოთაძე აიღეთ და გინდ თადუმაძე, რომლისთვისაც გენერალური პროკურორობა იყო უბრალოდ შუალედური გაჩერება უზენაეს სასამართლომდე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენაზეც ისაუბრა.

„ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ძალიან დამაფიქრებელია, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და სამეცნიერო მიღწევებზე არის ორიენტირებული. ბოლო ორი გადაწყვეტილება – დეპუტატ კარლო კოპალიანის დანიშვნა ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და მეორეს მხრივ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარმოდგენა მიუთითებს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს პრიორიტეტები არ აქვს თავის ადგილზე“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

Please follow and like us: