სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ინფორმაციით, ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ეკონომიკურ აქტივობაში ქალების ჩართულობის, მათი პოტენციალის რეალიზების მნიშვნელობაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა არასაკმარისი ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში. დამსაქმებელი (მეწარმე) ქალების წილი მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

„საქართველოში, 15-64 წლის ასაკის ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე 56 პროცენტს შეადგენს, ანალოგიური მაჩვენებელი მამაკაცებში კი 74 პროცენტია. ქალებში დასაქმების დონე 49 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 63 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მიანიშნებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ეკონომიკურ აქტივობასა და სამუშაო ძალაში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობით უზრუნველყოს შრომითი რესურსის მაქსიმალური გამოყენება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს სწორედ ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. ნათია თურნავას მიერ მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, 2015-2018 წელს, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 9 380, მათ შორის 3 783 ქალი – მთლიანი დაფინანსებულ ბენეფიციართა 40.3%-ს შეადგენს. ექსპორტის მიმართულებით კი დაახლოებით 30%-მდე ქალები არიან წარმოდგენილნი კომპანიების ტოპ მენეჯმენტში. „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ქალთა მეწარმეობის წახალისება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნა მინიტრმა.

სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდებში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების განვითარებას.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება და ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშეწყობისა და კვლევა-განვითარების კომერციალიზაციისკენ მიმართული ისეთი პროექტები, როგორიცაა სტარტაპების ფინანსებთან წვდომის და გადამზადების პროგრამები ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში ახალგაზრდების ჩართულობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Please follow and like us: