7თებერვალს არის ხსენება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა – ,,დაშრიტე მწუხარება ჩემი”

ევედრებიან ხროციელი სნეულების და მწუხარების დროს, ასევე მძიმე სნეულების და განსაცდელის ჟამს.
შეგვეწიოს ყველას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი და განკურნოს ჩვენი სულის და ხორცის სნეულებანი.

ტროპარი, ხმა 3

დააცხრენ ვნებანი მრავალცოდუილისა სულისა ჩემისანი, რომელმანმცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელი კაცთა სნეულებასა აოტებ და ცოდუილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთმძიმეთა სიმტკიცეჲ და სასოებაჲ, ყოვლადწმიდაო დედა და ქალწულო.

ხატის ისტორია ასეთია –

ერთი ქალბატონი უკვე დიდი ხანი ორგანიზმის საშინელი დაუძლურებით იტანჯებოდა. ექიმების მცდელობა ტანჯვას არ უმსუბუქებდა, ძალა ელეოდა და გამუდმებით სიკვდილს ელოდა. ერთხელ, როცა ამ უნუგეშო მდგომარეობაში უგონოდ იწვა, იხილა ღვთისმშობლის ხატი და მოესმა ხმა:

“მოითხოვე, მოსკოვში წაგიყვანონ. იქ პუპიშჩევოზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, არის ღვთისმშობლის ხატი “დაშრიტე მწუხარება ჩემი”. მის წინაშე ილოცე და განიკურნები”.

ხილვა დასრულდა. სნეული გონს მოვიდა და საკუთარ თავში ახალი სიცოცხლე შეიგრძნო, შინაურებს ხილვის შესახებ მოუთხრო და სთხოვა, მოსკოვში წაეყვანათ.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში, ავადმყოფმა ყველა ხატი დაათვალიერა, მაგრამ ის, რომელიც ხილვაში გამოეცხადა, ვერ იპოვა. მისმა ახლობლებმა მომხდარი ღვთისმსახურს უამბეს, რომელმაც მორჩილებს უბრძანა, სამრეკლოდან ღვთისმშობლის ყველა ხატი ჩამოეტანათ. ხატი “დაშრიტე მწუხარება ჩემი” მათ შორის აღმოჩნდა. მტვრით ისე იყო დაფარული, რომ ღვთისმშობლის სახეს ძნელად თუ გაარჩევდით, მაგრამ ავადმყოფმა, რომელიც სისუსტის გამო ვეღარ ლაპარაკობდა და ვერც ხელებსა და ფეხებს ფლობდა, მოულოდნელად იყვირა: “ისაა, ის!” – და პირჯვარი გადაიწერა, ხოლო როცა პარაკლისის შემდეგ ხატს მიემთხვია, ძალის ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ დაუხმარებლად გავიდა ეკლესიიდან და შინ სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა.

ამ ხატის წინაშე დღემდე უამრავი სასწაული აღესრულება.

Please follow and like us: