არჩევნებამდე სულ ცოტა, ორი დღე დარჩა, რამდენად დაბალანსებურია საარჩვევნო გარემო, მოსალოდნელია თუ არა მეორე ტურის დანიშვნა და არის თუ არა მცოცავი ოკუპაცია წინასაარჩევნო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი.
არის თუ არა წინასაარჩვნო გარემო დაბალანსებული და აქვთ თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად თანაბარი პირობები?
ეს არჩევნები რომ შევადაროთ ნებისმიერ იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარებულა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან, საარჩევნო გარემოდან გამომდინარე ყველაზე უკეთესია. მეორე საკითხია ის, რომ საარჩვნო კოდექსი, ჩემი აზრით, არის შესაცვლელი, იმიტომ რომ არ იძლევა საშუალებას იმისა, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს ქონდეს თანაბარი პირობები. ვინაიდან საარჩევნო კოდექსი მთლიანად პოლიტიზირებულია. გასული 9 წლის განმავლობაში საარჩევნო კოდექს საკუთარ თავზე ირგებდა ნაციონალური მოძრაობა და ნაცმოძრაობაზე მორგებული საარჩევნო კოდექსი დღეს არის ქართულ ოცნებაზე მორგებული. ამ კუთხით, ვფიქრობ, ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ თვითონ საარჩევნო კოდექსმა უზრუნველყოს თანაბარი პირობები, თუმცაღა ფაქტია, რომ სახელმწიფო ნაკლებად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში და მეტნაკლებად ცდილობს, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ იქნას გამოყენებული კონკრეტული კანდიდატის კამპანიაში. მიმაჩნია,რომ არსებული საარჩევნო კოდექსის პირობებში ძალიან თავისუფალი არჩევნები ტარდება.
თქვენი აზრით მოსალოდნელია თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური?
არჩევნების მეორე ტური იქნება თუ არა ქვეყანაში ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ამომრჩეველი მიიღბს მონაწილეობას არჩევნებში, პროცენტების დაანგარიშება ხდება არა რეგისტრირებული ამომრჩევლებისგან, არამედ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობიდან, რეგისტრირებულია დაახლოებით 3 500 000 ამომრჩეველი, აქიდან რამდენი ამომრჩეველი მივა და დააფიქსირებს აზრს ამაზეა დამოკიდებული სუბიექტების პროცენტების დაანგარიშება, თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა მივა არჩევნებზე, ნაკლები პროცენტები დაუფიქსირდება ყველა კანდიდატს თანაბრად და ამან მეორე ტურამდე შეიძლება მიგვიყვანოს, თუ მივა მხოლოდ ის ამომრჩეველი რომელიც კონკრეტული სუბიექტის აქტიური მხარდამჭერია, მაშინ შეასაძლებელია პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები.
როგორ აფასებთ გიორგი მარგველაშვილის უარს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე?
ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ იყო გათვლილი სვლა მარგველაშვილის მხრიდან, იმისკენ მიზანმიმართული, რომ საკუთარი ამომრჩეველის მობილიზაცია მოეხდინა საარჩევნო ყუთებთან, რადგან თვითონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, დააზიანა ოცნების საარჩევნო კამპანია, ამ განცხადების დასაბალანსებლად, ალბათ ჩათვალეს, რომ საჭირო იყო მსგავსი განცხადების გაკეთება, რათა მათი ამომრჩეველი მივიდეს არჩვნებზე. თუმცა მე არ მგონია არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საჭიროების შემთხვევაში მარგველაშვილმა უარი განაცხადოს მასში მონაწილეობის მიღებაზე, ამას მე ვუყურებ, როგორც პოლიტიკური ტექნოლოგიების კუთხით გაკეთებულ სვლას.
ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ქვეყანაზე?
პოლიტიკურ ფაქტორებზე ეს ფაქტი აუცილებლად იმოქმედებს, რადგანაც მოგეხსენებათ კოალიციაში შემავალი პარტიები არ არიან გაერთიანებული იდეოლოგიის საფუძველზე, ისინი გაერთიანებული არიან ბიძინა ივანიშვილის გარშემო, რომელიც იყო ის ფიგურა კოალიციაში, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს. მოგეხსენებათ კოალიციაში იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამ აზრთა განხილვის დროს გადაწყვეტილებას იღებდა ივანიშვილი, შესაძლებელია გადაწყვეტილება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის არ იყო მისაღები მაგრამ რადგანაც ამ გადაწყვეტილებას იღებდა ივანიშვილი კოალიციაც ემორჩილებოდა. ივანიშვილის წასვლის შემდეგ შესაძლებელია გადაწყვეტილების მიმღები პირის პრობლემა აღმოჩნდეს და ამან შეიძლება გარკვეულწილად პრობლემები შეუქმნას ქვეყანას.
თქვენი აზრით, არის თუ არა მცოცავი ოკუპაცია პროვოკაცია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების მხრიდან?
ვფიქრობ მცოცავი ოკუპაცია არის იმ პოლიტიკის შედეგი რასაც აწარმოებდა მიხეილ სააკაშვილი, მეორესმხრივ ხელისუფლება შეიცვალა, რიტორიკა შეიცვალა მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთი ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, რაც თავისთავად საგანგაშოა. სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა სამინისთროს არ გააჩნია რუსეთთან ურთიერთობის გენერალური გეგმა, სადაც გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს როგორც კრიზისულ ისე ჩვეულებრივ მდგომარეობის დროს.
რას ურჩევდით ხელისუფლებას ამ კონკრეტულ სიტუაციაში? პრობლემის გადაჭრის რა გზები არსებობს?
საგარეო საქმეთა უწყებამ, სხვა უწყებებთან ერთად პრევენციულ ზომებს უნდა მიმართოს საერთაშორისო დონეზე, რომ შეწყდეს ოკუპაცია, უნდა შემუშავდეს გენერალური კონცეფცია, სადაც აღწერილი იქნება თუ როგორ აპირებენ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას, ამ გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული ის რისკები, რომლებიც შესაძლებელია წარმოიქმნას მოლაპარაკებების დროს. დღეს, როგორც ვატყობ მიმდინარეობს უბრალოდ სპონტანური მოლაპარაკება და საჭიროა კონცეფციის შემუშავება ამ კუთხით.
საზოგადოების აზრი სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ორად იყოფა, როგორ ფიქრობთ უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე?
ისეთი ტიპის გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც მაქსიმალურად არ დააზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შესაბამისი ტიპის უწყებებმა. მე პირადად, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე სხვა პოზიციაზე ვარ თუმცა მიმაჩნია, რომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომელიც ხელს არ შეუშლის სახელმწიფოს განვითარებას. ძალიან ბევრი ფაქტორია რომელიც ჩვენ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის , რომ ერთ-ერთი მეჩირაღდნე არის ის ადამიანი, რომელიც ბომბავდა საქართველოს, თუმცა ჩვენ არ ვიცით წამოვა კი რუსეთი ამ ოლიმპიადაზე რაიმე სახის დათმობაზე, გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამისმა უწყებებმა კარგად უნდა გაანალიზონ ყველა ის ფაქტორი, რომელიც თან სდევს სოჭის ოლიმპიადას და შემდეგ უნდა აუხსნან საზოგადოებას, თუ რის საფუძველძე იქნა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება.
და ბოლოს არ შემიძლია არ გთხოვოთ შეფასება ბოლო კვირების განმავლობაში პრემიერის შეხვედრებზე, როგორც ჟურნალისტებთან და ასევე ექსპერტებთან სდაც თავად იმყოფებოდით? როგორ აფასებთ ამ სახის შეხვედრებს და არის თუ კომუნიკაციის ეს ფორმა მისაღები და თუნდაც ნაყოფიერი?
ძალიან დადებითად ვაფასებ ამ ყოველივეს. ჩვენი წლების განმავლობაში ვიყავით შეჩვეული იმას, რომ პოლიტიკოსები ძირითადად დავარცხნილი ტონით ნიშნისმოგებით საუბრობდნენ და მრჩებოდა განცდა, რომ არ იყვნენ გულწრფელები. ეს ადამიანი არის გულწრფელი საკუთარ გამოსვლებში, შეიძლება ჩვენ არ ვართ მიჩვეული მსგავს შეხვედრებს, მაგრამ ივანიშვილი საუბრობს იმას, რასაც ის ფიქრობს და აკეთებს. ამ ტიპის შეხვედრებში ცუდს ვერაფერს ვხედავ, იქ რომ ყოფილიყო ისეთი ფორმატი, რომ ის გედავებოდა და შენ საშუალება არ გქონდა, რომ გეპასუხა, მაშინ ბუნებრივია მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ, როცა თანაბარი პირობები იყო, და როგორც ეს ადამიანი აწყვეტინებდა სტუმრებს ისევე სტუმრები აწყვეტინებდნენ მას, და ბუნებრივია ამაში მე ცუდს ვერაფერვს ვხედავ. ეს იყო ჩვეულებრივი დიალოგი, აქედან გამომდინარე მე ამ შეხვედრაზე დისკომფორტი არ მიგვრძვნია. თუ ამ შეხვედრაზე ვიღაცისთვის მიუღებელი იყო ივანიშვილის ტონი, ასევე შესაძლოა ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო ვიღაცის ტონი. ეს იყო შეხვედრა ყოველგვარი პროტოკოლური ფორმების დაცვის გარეშე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ისე ესაუბრა, როგორც ივანიშვილი საუბრობდა. მე ვფიქრობ, საინტერესო იყო ეს შეხვედრები. ნაყოფიერი იყო თუ არა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული გაითვალისწინებს თუ არა საზოგადოების შენიშვნებს პრემიერი, თუ გაითვალისწინებს ეს ნიშნავს იმას, რომ ეს შეხვედრები ნაყოფიერი იყო, ამ შეხვედრების დადებითად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ყველაფერი ის რასაც პრემიერი ფიქრობდა ითქვა პირდაპირ ეთერში.
25.10.13
ნინა პირტახია