ცოტახნის წინ მთავრობამ დაამტკიცა ახალი რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც ფრინველის ხორცში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ხსენებულ პროდუქტზე ფასი 15-20 %-ით მოიმატებს.

არსებული რეგლამენტი მიზნად ისახავს ფრინველის ხორცის მარკეტინგთან დაკავშირებული რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
საკითხის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ შესაბამის პროგნოზს?
ნებისმიერი სასაქონლო ბაზრისთვის არის დამახასიათებელი ფასების ზრდა. როცა, ზოგადად, იზრდება ფასები, რა თქმა უნდა, ეს ხორცპროდუქტების შემთხვევაშიც არის მოსალოდნელი. ეს ერთი.
მეორე – ხორცისა და ხორცპროდუქტების ჩვენი შიდა ბაზარი, დიდწილად, დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის – ფრინველის ხორცის კუთხითაც. ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი წარმოება არის არასაკმარისი და დიდი ადგილი უკავია იმპორტირებულ ფრინველს. ამ პირობებში, ლარის კურსი იძლევა იმის საშუალებას, რომ პროდუქტი, რომელიც იმპორტირებულია, გაძვირდეს. შეუძლებელია, საქონლის ხორცზე ფასები მატულობდეს და ეს ცვლილება არ აისახოს ფრინველის ხორცის ფასზე. როგორც წესი, საქონლისა და სხვა ხორცის ჩანაცვლება ხდება ფრინველის ხორცით.

მომხმარებელზე რა გავლენას მოახდენს ეს?
თუ მხოლოდ ფასებთან მიმართებით განვიხილავთ მომხმარებლის დამოკიდებულებას, ცხადია, ნებისმიერ პროდუქტზე ფასის ზრდა აისახება მის ჯიბეზე, მის მყიდველობისუნარიანობაზე. თუმცა ეს საკითხი ჩვენ ცალკე ასპექტად კი არა, ზოგადად, მომხმარებლის შემოსავალსა და გადახდისუნარიანობის დინამიკასთან მიმართებით უნდა განვიხილოთ. მხედველობაში მაქვს შემდეგი – 90-იან წლებში ერთი კილოგრამი საქონლის ფასი იყო, დაახლოებით, 0, 19 დოლარი. მაგრამ, ეს რომ ახლანდელ რეალობას შევადაროთ, ფასი 7-8-ჯერ არის გაძვირებული.
მიუხედავად საერთო ეკონომიკური მდგომარეობისა, რომელიც მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ გაიზარდა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა.

ასეთ შემთხვევაში, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი?
ჩვენ ყოველთვის უნდა ვადევნოთ თვალ-ყური ორ ინდიკატორს – ერთი გახლავთ ფასების ზრდა და მეორე – როგორია შემოსავლები – ყოველ კონკრეტულ მომენტში შემოსავლების მიხედვით რა რაოდენობის პროდუქტის მყიდველობისუნარიანობა აქვს კონკრეტულ მოქალაქეს. თუ ის იზრდება, ესე იგი, მდგომარეობა არცთუ ისე დრამატულია.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: