მალე, ქართული ენა Microsoft-ის პროგრამებში ინტეგრირდება. საუბარია არა რომელიმე ერთ, არამედ ტექნოლოგიური კომპანიის ყველა პლატფორმაზე. პროექტი თიბისისა და „მიკროსოფტის“ კოლაბორაციით ხორციელდება, რომელიც, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. TBC-ის კომუნიკაციების ლიდერი ტატო ნორაკიძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი ქართული დამწერლობისა და ენის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია და კომპიუტერულ აპლიკაციებსა თუ პროგრამებში სრული ინტეგრირებაა.
„თიბისი“ Microsoft-თან პროექტის #წერექართულად ფარგლებში თანამშრომლობს. ეს პლატფორმა დაახლოებით, 5 წლის „ჩაუშვეს“. ამ პერიოდში, მათ, 30-მდე ქართული ფონტი გააციფრულეს, შექმნეს ლექსიკონები და ა.შ. როგორც თავად ამბობენ, „მაიკროსოფტის“ პროგრამებში ენის სრული ინტეგრაცია მთავარი მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი, დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ტატო ნორაკიძე: ქართული ენა ინტეგრირდება „მაიკროსოფტის“ ყველა პროგრამაში. ხელმისაწვდომი იქნება სკაიპის თუ ისე – სათარგმნი პლატფორმისთვის. როგორც ჩვენ ვსაუბრობ აზრობრივად გამართული ქართულით, სწორედ ისეთი სინქრონული თარგმანები გაკეთდება. ამისთვის საჭიროა, ხელოვნური ინტელექტი, ქართულად აზროვნებდეს. მაგალითად, საუბრობთ „სკაიპში“, არ იცით ინგლისური, თქვენმა მეგობარმა კი – ქართული. ამ შემთხვევაში ავტომატურად, სინქრონულად ითარგმნება საუბარი ორივე ენაზე. პროექტის პირველი ეტაპი იყო 100 000 ქართული წინადადების ინგლისურად თარგმნა, რომელიც ჩვენ უკვე გადავეცით. Microsoft-მა ამ რესურსით დაიწყო ბაზაზე მუშაობა. საერთოდ, გვინდოდა, რომ სახალხო გამხდარიყო ეს პროექტი და ყველას შეეტანა საკუთრი წვლილი, მაქსიმალურად ჩაგვერთო საზოგადოება. ამიტომ, გავაკეთეთ kartulad.ge. ამ პლატფორმაზე შესვლისას, Saba-ს [ელექტრონული წიგნების სახლი, ასევე თიბისის პროექტი] ბაზიდან, შემთხვევითი პრინციპით წამოღებულ წინადადებებს. მათი თარგმნა ნებისმიერ მსურველ შეეძლო, ვინც ინგლისური იცოდა. გარკვეული რაოდენობის წინადადებების თარგმნაზე წამახალისებელი პრიზებიც გვქონდა. როგორც აღვნიშნე, ეს 100 000 ნათარგმნი წინადადება „მაიკროსოფტს“ გადავეცით. მათ უკვე დაიწყეს ამ ბაზაზე მუშაობა“.
ქართული ენა რომ Microsoft-ის ყველა აპლიკაციასა თუ პროგრამაში სრულად ინტეგრირდეს, წინ კიდევ რამდენიმე ეტაპია. როგორც ტატო ნორაკიძე ამბობს, ახლა ამ მონაცემების ლოგიკურად დაკავშირება და აზრობრივი გასწორება უნდა მოხდეს. გამართული, დამუშავებული პროდუქტი, ანუ ქართულად მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტი უკვე მესამე საფეხურია. სწორედ ამ ეტაპიდან ინტეგრირდება ქართული ენა, სრულად, „მაიკროსოფტის“ პროგრამებში.
„პირველი ეტაპზე, მოხდება ინგლისურისა და ქართულის დაკავშირება. შემდეგ კი უკვე ყველა იმ ენასთან გახდება თავსებადი, რაც „მაიკროსოფტის“ სისტემაში არსებობს“.
პროექტის მიზანი ჩვენი დამწერლობისა და ენის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციაა. ასევე – ქართული ენის ინტეგრაცია საერთაშორისო კომპიუტერულ აპლიკაციებსა და პროგრამებში.
„ეს არის ჩვენი ორი მთავარი მიზანი. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია – ქართული დამწერლობა და ქართული ენა მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე სრულყოფილად წარმოჩინდება. ეს უნიკალური მემკვიდრეობა – მსოფლიოს 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი – კი არ უნდა ჩაიკეტოს და ძველი სახით დარჩეს, პირიქით, უნდა განვითარდეს, ოღონდ ისე, რომ პირვანდელი სახე არ დაკარგოს“, – ამბობს ტატო ნორაკიძე.
მისივე თქმით, უახლოესი 5 წლის მანძილზე, კავკასიაში განათლების ხელშეწყობა, „მაიკროსოფტისთვის“ სტრატეგიული მიმართულება იქნება.
„მათთან ვითანამშრომლებთ ინოვაციების ნაწილში. კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ დავნერგოთ ქართული ენა ინოვაციურ ტექნოლოგიებში, სხვადასხვა გადაწყვეტებსა თუ მოწყობილობებში“.
წყარო: marketer.ge