საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია ჩამოვა საქართველოში.

„ჩვენი შეთავაზება იყო ევროპარლამენტის მიმართ, რომ ფაქტების შემსწავლელი მისია ჩამოსულიყო საქართველოში. როგორც ჩანს, ეს მისია საქართველოში ჩამოვა. როგორც ჩანს, ამ შეთავაზებას თანხმდებიან. ახალი ამბავია ის, რომ ერთ-ერთი აქტორი „ევროპის სოციალისტების პარტია“ ამას თანხმდება. უკვე ვრცელდება ნიუსები იმის შესახებ, რომ ისინი გამოეხმაურნენ შეთავაზებას და პოზიტიურად შეაფასეს.

„არავინ საუბრობს იმაზე, რომ ამ ადამიანმა გაფლანგა თუ არა 48 მილიონი. ამას საერთოდ არ ეხებიან, თითქოს მეორეხარისხოვანი იყოს. ამის შემდეგ, მოდი, ვილაპარაკოთ გაფლანგა თუ არა 48 მილიონი და უნდა ყოფილიყო თუ არა 48 მილიონის გამფლანგველი ადამიანი დასჯილი დამატებით სამი წლისა და ორი თვის ვადით. ამაზე შემდეგ იკამათონ.

ვფიქრობ, მისია ამ ყველაფერს დაადგენს. სტრასბურგის სასამართლოში თუ გასაჩივრდება, იქაც დადგინდება, მაგრამ ეს შეიძლება დროში არ მოესწროს და მალე რომ დამთავრდეს სპეკულაციები, ამას ისახავდა ჩვენი შეთავაზება“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ამასთან, მდინარაძე ვერ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება ჩამოვიდეს გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია საქართველოში.

„ვერ გეტყვით ზუსტ ვადას, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ ძალიან მალე იქნება. არ არის ორ და სამ დღეზე საუბარი, მაგრამ არც რამდენიმე თვეზეა. „ევროპის სოციალისტების პარტია“ როგორც ჩანს დათანხმდა. ჩვენ ვნახეთ მათი განცხადება, სადაც პოზიტიურად შეაფასეს. მგონია, რომ ევროპარლამენტი ამ მისიაში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოში კიდევ ერთ ტყუილის აეხდება ფარდა, ტყუილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა ასრულებს თავისი სატელიტი პარტიებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისიის გამოგზავნა შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. „ევროპელი სოციალისტების პარტია“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია საქართველოში გაიგზავნოს.

Please follow and like us: