საკუთარი დედაქალაქის იდეალურად შეფასება და მის შესახებ უნიკალური ისტორიების თხრობა  საუკეთესოდ მხოლოდ ამავე ქალაქის შვილებს შეუძლიათ. იქნება ეს ისტორია გლობალური, იქნება ის სახალისო თუ კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლებისთვის საინტერესო, მთავარია, რომ საამო მოგონებად დარჩეს ჩვენს მეხსიერებაში. სწორედ ამ სამი ტიპის ამბავს შემოგთავაზებთ დღეს „თბილისი თაიმსი“. სხვა თუ არაფერი, რამდენიმე წუთს სასიამოვნოდ გაატარებთ.

24 წლის გიორგი ბეგაშვილი ბევრს მოგზაურობს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი თბილისური მოგონება საინტერესო იქნებოდა სწორედაც იმიტომ, რომ მას არაერთი ქვეყნის არაერთი დედაქალაქი უნახავს. გარდა იმისა, რომ ადამიანისთვის საკუთარი სამშობლო განსაკუთრებულად საყვარელია, მასზე მოგონებაც, ცხადია, გამორჩეულია –

„არ ვეცდები, თბილისი სხვა ქვეყნის ქალაქებს შევადარო. ჩემთვის ის არის სივრცე, რომელშიც ყველაფერი, ყველა მოვლენა განსაკუთრებულია. კიდევ უფრო სასიამოვნო ის არის, რომ თბილისი უცხოელებისთვისაც არანაკლებ საინტერესოა. გამომდინარე იქედან, რომ, მეტნაკლებად, ბევრს ვმოგზაურობ, ვცდილობ, ჩემს ქვეყანაშიც მივიღო უცხოელი სტუმრები. გავიხსენებ ერთ მოგონებას, რომელიც თბილისში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებს ეხება. ქალაქს ჩემს ავსტრიელ მეგობარს ვათვალიერებდი. ცხადია, მისი ყურადღება ბევრმა დეტალმა მიიპყრო – ძველი თბილისი, მშრომელი ქართველები, სტუმრების პატივისცემა… თუმცა, მისთვის განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა, რომ ამ პატარა ქალაქში ამდენი ტაძარი გვაქვს. საკმაოდ კარგად იცოდა, რომ ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს სარწმუნოებას, მაგრამ ამ მოციცქნულ ტერიტორიაზე ამდენ სიწმინდეს აშკარაა, რომ არ ელოდა. არასდროს დამავიწყდება მისი შეფასება, რომელიც, დაახლოებით, ასე ჟღერდა: ბევრგან ვყოფილვარ, გაცილებით დიდი ქალაქები მომივლია, თუმცა არსად შემიმჩნევია, რომ რომელიმე მათგანში ასეთ დიდ ძალისხმევასა და ყურადღებას უთმობდნენ წმინდა შენობებს“. ეს ჩემთვის ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ გამორჩეულ თბილისურ მოგონებად“.

როდესაც საკუთარ თბილისურ მოგონებაზე საუბარს ემიგრანტს თხოვ, ისტორიასაც საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ელი. საკუთარ დედაქალაქს მონატრებული კესო მთავრიშვილი წლების წინ მომხდარ თბილისურ ამბავს იხსენებს. ამერიკაში მყოფს, დღეს ეს ისტორია მშობლიურ ქალაქს ტკბილად ახსენებს. ის თავად გვიამბობს –

როდესაც თბილისზე ვფიქრობ, ყოველთვის ჩემი მეგობრები მახსენდებიან, რადგან თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს  მუდამ მათთან ერთად ვატარებდი და სახლში ჩემიგამოჭერაარც ისე მარტივი საქმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კლასელები გართობისა და რესტორნების მოყვარულები არიან და გაკვეთილების შემდეგ დაუგეგმავად არაერთხელ წავსულვართ რესტორანში, მე-12 კლასში ბანკეტი მაინც არ გვქონია. ამ ფაქტით გულდაწყვეტილმა რამდენიმე კლასელმა და ჩვენმა არაკლასელმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩვენებური ბანკეტი მოგვეწყო და მათმა უმრავლესობამ სახლში ტყუილი თქვა, რომ თითქოს ბანკეტისთვის ვემზადებოდით და ამ ხერხით მშობლებისგან ფული ითხოვეს. ამ ხრიკით ნაშოვნი თანხით ლამაზლამაზი კაბები იყიდეს, მორჩენილი თანხით კი რესტორანში წავედით, სადაც გათენებამდე დავყავით და ბოლოს მიმტანები და დაცვაც კი დავიმეგობრეთ. საბოლოოდ, მომსახურე პერსონალმა რესტორანი მხოლოდ ჩვენთვის დახურა და ის საღამო დარჩა ულამაზეს მოგონებად, რომელის გახსენებაც მე და ჩემს არანორმალურ მეგობრებს ყოველთვის ღიმილს გვგვრის სახეზე.

.. მას შემდეგ, რაც მშობლემა სიმართლე გაიგეს, პატარა ბურატინოებს კარგი დღე არ დასდგომიათ, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვამბობთ, რომ ის საღამო ამად ღირდა“.

გიორგი ბუცხრიკიძე ხშირად მოგზაურობს. მოგზაურობს საქართველოში და იდეალურად იცის ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხე-კუნჭული. 23 წლის მანძილზე, მან მოინდომა და ბევრი შეიტყო საკუთარი სამშობლოს შესახებ. ცხადია, საინტერესოა, საკუთარ ქვეყანაში ყველაფრის მნახველს რა მოგონება აქვს მოსაყოლი დედაქალაქის შესახებ.

„ხშირად ვსტუმრობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. ცხადია, ხან ვისთან ერთად ვარ, ხან – ვისთან. ხან ქართველთან, ხან – უცხოელთან. მოკლედ, ისე გამოდის ხოლმე, რომ ბოლოს ყველაფერ ნანახს თბილისის ყოველდღიურობას ვადარებთ. მგონია, რომ თბილისური ხმაურიც აუცილებელია და მთის სიმშვიდეც.

ერთხელ, ახალბედა მეგობრებთან ერთად ფშავს ვესტუმრე. უკვე რამდენჯერმე ნამყოფს ყველა დეტალი გათვლილი მქონდა, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ ტურების ხმას საკმაოდ ახლოდანაც კი გაიგებდნენJ ის ღამე იყო, მათ ფხიზლად რომ გაატარეს და სულ თბილისის კორპუსებსა და კომფორტს შენატროდნენ. რა თქმა უნდა, ბუნება კარგია და ფანტასტიკური, თუმცა დედაქალაქის კომფორტზე უარის თქმა, თუნდაც ცოტა ხნით, საკმაოდ ცოტას შეუძლია. დავბრუნდით მშობლიურ ქალაქში და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა მათთვის – ქუჩები, სეირნობა, ჯიხურები…. დედაქალაქი, თითქოს, ყველასთვისაა, ეგზოტიკას კი ყველა ვერ გუობსJ რატომღაც, მე ამას დავარქმევდი „თბილისურ მოგონებას“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: