X საუკუნეში ერთ ოჯახში, მდიდარ ცოლ-ქმარს დიდხანს არ ჰყავდა შვილი. დაუღალავად ევედრებოდნენ ღმერთს, წმიდანებს, რათა მისცემოდათ პირმშო. ერთხელაც ქმარი, სახელად გიორგი, ამაღლების დღესასწაულზე წავიდა შიომღვიმეში მოსალოცად და დარჩა იქ. ახლოვდებოდა წმინდა შიოს ხსენების დღე (9/22 მაისი). სახლში ცოლი სწუხდა, ქმარი რომ არ ბრუნდებოდა და თვითონაც მივიდა მონასტერში. იმ ღამეს მხურვალედ ევედრებოდა ცოლ-ქმარი წმინდა შიოს, ეხსნა ისინი უშვილოებისაგან. შეისმინა წმინდა შიომ მათი ვედრება და ქნმა სასწაული: დაბრუნდა სახლში ცოლ-ქმარი და ცხრა თვის შემდეგ მათ შეეძინათ ვაჟი. ნანატრ შვილს დაარქვეს იოანე, როგორც წმინდა შიომ დაარიგა ძილში ორივე, ერთი წლის იონე მშობლებმა მონათლეს შიომღვიმეში. ათი წლის კი მიაბარეს მონასტერს. სწორედ იქ შეიძინა წმინდა იოანემ ის სიწმინდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა ოქროპირ კათალიკოსი უწოდა, მსგავსად იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელი ეპისკოპოსისა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმინდა იოანე ოქროპირ კათალიკოსი აღესრულა 1049 წელს, მისი ხსენების დღეა 3 მარტი (ახ. სტ. 16 მარტი).

Please follow and like us: