ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ეფექტურობა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში. სხვადასხვა პროცესის კვალდაკვალ, ჩვენ ვხედავთ სიახლეებს, რომლებიც ხსენებული სფეროს უფრო მეტად დახვეწისა და გაძლიერებისკენ არის მიმართული. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალისტები მუშაობენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები იყოს ხელმისაწვდომი, ნაყოფიერ და სასურველ შედეგებზე ორიენტირებული. რა კონკრეტულ სერვისებს გვთავაზობს დღეს ქვეყანა? რა ვითარებაა მთელი ქვეყნის მასშტაბით? „თბილისი თაიმსს“ ილიაუნის პროფესორი, ფსიქიატრი ნინი მახაშვილი ესაუბრა

„აღებულია ჰოსპიტალგარეშე სერვისების განვითარების გეზი, მაგრამ ეს პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეფექტური არ არის“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის რა სერვისებია დღეს ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში?

ჩვენ გვაქვს სტაციონალური დახმარება. გამოვყოფთ ე.წ დიდ ფსიქიატრიულებს. ისინი მოიცავს თბილისის ფსიქიატრიულებს, ასევე, სურამის, ქუტირის (ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრი). უკვე რეფორმირდა ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო – თანდათან მცირდება მასში საწოლების რაოდენობა. გარდა ამისა, დიდ ინსტიტუციად მიიჩნევა  ხელვაჩაურის კლინიკა, რომელიც ძალიან კარგი რეფორმების ქვეშ არის.

ასევე, გვაქვს ისეთი კლინიკები, რომლებიც თანამედროვე სათემო სერვისების კონცეფციას აკმაყოფილებს. ეს არის რამდენიმე, 30-საწოლიანი განყოფილება, ზოგადი პროფილის საავადმყოფო. ასეთი გვაქვს ორი – თემქის მე-5 საავადმყოფოში და ე.წ რეფერალურ საავადმყოფოში.

ჩვენ გვაქვს, ასევე, ორი მულტიკომპონენტური კლინიკა – ეს არის რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი და ქავთარაძეზე მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. აქ არის მწვავე განყოფილებები, შედარებით გრძელვადიანი მოვლის განყოფილებები და კიდევ სხვა სერვისები.

გარდა სტაციონალური სერვისისა, ჩვენ მთელს ქვეყანაში გვაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო ამბულატორიები. ისინი გახლავთ რეფორმის ქვეშ მყოფი ძველი, საბჭოთა დისტანცერები, რომელთაც მოემატა დაფინანსება და შეუძლია პაციენტის მომარაგება წამლით, ასევე, უზრუნველყოფს ფსიქიატრისა და სოც.მუშაკის ჩართულობას. თუმცა, ჯერჯერობით, ეფექტურობა არ შემოწმებულა.

რას გულოსხმობს მობილური სათემო გუნდი?

დიახ, გვაქვს შედარებით ახალი სათემო სერვისი, რომელსაც ჰქვია მობილური სათემო გუნდი. დახმარება მიდის პაციენტთან სახლში ფსიქიატრით, ფსიქოლოგით, სოციალური მუშაკით, ექთნით… ჩვენ ამ გუნდებია რაოდენობა საკმაოდ გავზარდეთ და იმედია, მალე მთელს საქართველოს მოვიცავთ.

გვაქვს ჯერ კიდევ რეფორმის ქვეშ მყოფი კრიზისული დახმარების სერვისები. ის ჩვენ გვაქვს წამყვან ქალაქებში და ახლა დგება ფეხზე. გარდა ამისა, გვაქვს ბავშვებისა და მოზარდების ათსაწოლიანი განყოფილება – თემქის მე-5 საავადმყოფოში. გვაქვს გრძელვადიანი მოვლის საცხოვრებელი – ძალიან ცოტა საწოლითა და პაციენტით  რაც არის, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

ამ ეტაპზე, რა არის საჭირო შესაბამის სფეროში?

ძალიან ცოტა გვაქვს ბავშვთა და მოზარდთა სერვისი. არ გვაქვს მოხუცებულთა საჭიროებებზე მორგებული სერვისები. რაც აუცილებლად გვჭირდება, გახლავთ რეზიდენტული სახლები, რომ ადამიანმა, რომელსაც არ აქვს სახლი ან არ იღებენ სახლში, მიიღოს დახმარება. ამ ყველაფრით ჩვენ გავათავისუფლებთ ფსიქიატრიულებს და ადამიანებს მივაწოდებთ საკუთარ ჭერსა და საჭირო სერვისებს.

ჩემი აზრით, პრობლემაა საკმაოდ გაუმჭვირვალე პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან – როგორ იგეგმება მომავალი ნაბიჯები.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: