კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და ჯერჯერობით გართულებას ადგილი არ აქვს.

„ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დღესაც სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს. ლაბორატორიული კვლევა ყოველდღიურად კეთდება – სისხლის საერთო ანალიზი და ამ დაავადებისთვის საჭირო კრიტერიუმების შემფასებელი გამოკვლევები. გუშინდელი კვლევებითაც სიტუაცია სტაბილურია. ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ აქვს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

Please follow and like us: