რა კუთხითაც უნდა მივუდგეთ საკითხს, დღეს საქართველოში ბევრი ქალი კვლავ არის ძალადობის მსხვერპლი. ყოველდღიურად ამის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვისმენთ და არცთუ ისე ნაკლებს ვხედავთ, თუმცა, სამწუხაროდ, არ კლებულობს შემთხვევების რაოდენობა, როდესაც ქალს ძალადობის მსხვერპლი ქალის სტატუსი ენიჭება.

ბოლო პერიოდში ხშირად ვისმენთ სიახლეებს, როდესაც ქალი ყოფილი მეუღლის მსხვერპლი გახდა. ასეთ შედეგებს, როგორც წესი, წინ უძღვის მოცემულობები, რომელთა მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ კონფლიქტი და აგრესია დიდი ხნის დაწყებულია. სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაზარალებული მოძალადის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი, ფატი მამიაშვილი ესაუბრა.

როგორ შეაფასებ მოცემულობას – რა იციან საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების შესახებ?

ვფიქრობ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში, ქართველმა ქალებმა ზუსტად იმდენი იციან საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების შესახებ, რამდენიც სხვა ქვეყნის ქალებმა. მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად თავსებადია თეორიულად მიღებული ცოდნა თუ მოსმენილ-გაგონილი ამბები რეალურობასთან, ანუ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებთან.

ჩემი აზრით, ჩვენ საქმე გვაქვს არა ქალთა ინფორმირების დეფიციტთან, არამედ ორ უფრო სერიოზულ და მნიშვნელოვან პრობლემასთან, რომელიც ხელს უწყობს მოძალადეების წახალისებასა და დაუსჯელობას:

  1. ხშირად ქალები არ აღიარებენ, მალავენ და უარყოფენ ძალადობრივ გარემოში ცხოვრებას
  2. ქალები არასოლიდარულები არიან სხვა ქალების, მათ შორის, ახალგაზრდა გოგონების, საკუთარი რძლებისა და ქალიშვილების მიმართ, ვინც განიცდის სხვადასხვა ფორმით ჩაგვრას.

რა არის მიზეზები იმისა, რის გამოც ძალადობის მსხვერპლი ქალები თავს იკავებენ, დაიცვან საკუთარი გარემო და საკუთარი თავი?

მენტალიტეტი, ტრადიციები, სირცხვილი, მორჩილება, დაბალი მოქალაქეობრივი შეგნება, რელიგიური შეხედულებები, საკუთარი შემოსავლისა და საცხოვრებლის არქონა, უიმედობა, მოძალადის შიში, საზოგადოებრივი შეხედულებების გავლენა – ესაა ის მიზეზები, რის გამოც ქალები იძულებული არიან, იცხოვრონ ძალადობრივ გარემოში.

რას მიიჩნევთ თერაპიისთვის საჭირო აქტივობებად ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის?

საუკეთესო გამოსავალი არის გარემოს შეცვლა და საკუთარი თავის რეალიზება.

რა სერვისებია დღეს ჩვენს ქვეყანაში, რაც მათ აძლევს საშუალებას, თავი დააღწიოს შესაბამის სტრესს?

რა თქმა უნდა, შექმნილია სხვადასხვა სერვისი – თავშესაფარი, სოციალური თუ ფსიქოლოგიური სამსახურები, რომლებიც არსებობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ან საერთაშორისო დონორების პატრონაჟით, მაგრამ აუცილებელია შეიქმნას ქალთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ცენტრები, რომ ქალს ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და იძულებული არ გახდეს, დაბრუნდეს მოძალადესთან.

და ბოლოს, როგორ შეაფასებთ ტენდენციას – წლების მანძილზე, ძალადობის მსხვერპლი ქალები მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან თუ – საკუთარ თავებში ჩაკეტილები?

ქალთა დამოუკიდებლობას განსაზღვრავს ფინანსური სტაბილურობა. თვალშისაცემია, რომ უფრო მეტი ქალი ხდება დამოუკიდებელი და უფრო მეტი ქალი საუბრობს ხმამაღლა საკუთარი გამოცდილების, გასაჭირისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რაც სხვა ქალებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: