საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან მაღალმთიან დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – დვანისა და კნოლევის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების – სპეთისა და ჭალოვანის მოსახლეობას.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობა გააუმჯობესებს კიდევ ექვსი სოფლის ეკონომიკურ მდგომარეობას და სოციალურ ფონს, ხელს შეუწყობს ამ დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე დამაგრებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ამ დრომდე, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ქვეყნის 1,731 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 246,012 მოქალაქე.

უკვე მეხუთე წელია, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.

ბოლო წლებში, მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ესაა – საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონტაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მიმართულებები.

გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია“. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მთის დღე.

Please follow and like us: