უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის საზღვარზე ინტენსიური შემოწმების შემდეგ 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ ჯანმრთელობის შემოწმების სპეციალური ცნობა. მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევა: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კარანტინში გადასვლის საკითხს, საზღვარზე ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა მგზავრის საზღვრიდან გადაყვანა სავალდებულო არ იქნება და ექიმის რეკომენდაციით ისინი ან კარანტინში, ან სავალდებულო თვითიზოლაციაში წავლენ.

უწყებათაშორისი საბჭოს განცხადებით:

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა. ან მათ საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში — სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

Please follow and like us: