მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ეკლესიაა, რომელიც თავად იესო ქრისტემ დააფუძნა; ეკლესია განმტკიცდება და აღივსება სული წმინდის მიერ; უფალმა ბრძანა ეკლესიაზე: „ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“ (მათე, 16:18). ეს არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც წმინდა საიდუმლოებებს ინახავს და მთელ მსოფლიოს აწვდის, ის არის „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“ (1 ტიმ. 3:15). ეკლესია სრულად პასუხისმგებელია ქრისტეს სახარების ჭეშმარიტების გავრცელებისა და მას სრული ძალმოსილება გააჩნია, „წმიდათათვის ერთხელ მიცემული რწმენა“ დაამოწმოს (იუდ. 3).

ქრისტეს ეკლესია ერთი და ერთადერთია (წმ. კვიპრიანე კართაგენელი, „ეკლესიის ერთიანობის შესახებ“).
ეკლესიის – ქრისტეს სხეულის – ერთობის საფუძველია ის, რომ მას ერთი თავი ჰყავს – უფალი იესო ქრისტე (ეფ. 5:23). და მასში მოქმედებს ერთი სული წმინდა, რომელიც ეკლესიის სხეულს ცოცხალჰყოფს და მის ყველა წევრს ქრისტესთან, როგორც თავთან, აკავშირებს.

ეკლესია „ქრისტეში განახლებული ადამიანის“ ერთობაა. თავისი განკაცებით ღმრთის ძემ, „ადამიანთა გრძელი ჯაჭვი განაახლა“ (წმ. ირინეოს ლიონელი) და ახალი, მადლიანი ერი შექმნა – მეორე ადამის სულიერი მემკვიდრენი. ეკლესიის ერთიანობა მიწიურ და ადამიანურ ურთიერთობებზე მაღლა დგას; ეს ერთობა ზეციდან არის მოცემული, როგორც სრულყოფილი და საღმრთო ნიჭი. ეკლესიის წევრებს თავად იესო ქრისტე აერთიანებს, როგორც მასში ფესვგადგმულ ვაზს; ეკლესიის წევრები მარადიული სულიერი ცხოვრების ერთობაში არიან შემოკრებილნი.

ეკლესიის ერთობა ყოველგვარ ბარიერებსა და საზღვრებს ძლევს, როგორიცაა: რასობრივი, ენობრივი და სოციალური ბარიერები. ხარება ყველა ერს და ეთნოსს უნდა ეუწყოს, რათა ისინი სული წმინდის მაცხოვნებლობითი მადლით ერთიან წიაღში მოვიდნენ და რწმენის ძალით გაერთიანდნენ (მათე, 28, 19-20; მარკოზი, 16:15; საქმე მოც. 1:8).

ეკლესიის წიაღში შუღლი, დაპირისპირება, მტრობა და გაუცხოებულობა დაიძლევა და ცოდვის გზით დაყოფილი კაცობრიობის სიყვარულში ერთობა მტკიცდება ერთარსი და ყოვლადწმინდა სამების ძალით.

ეკლესია მშვიდობის საკვრელით შენარჩუნებული სულის ერთობაა (ეფეს. 4:3), საღმრთო მადლისა და სულიერი გამოცდილების სისავსე და უწყვეტობა.
„სადაც ჭეშმარიტი ეკლესიაა, იქ ღმრთის სულიცაა, ხოლო სადაც ღმრთის სულია, იქ ეკლესიაცაა და მადლიც“ (წმ. ირინეოს ლიონელი, „ერესების წინააღმდეგ“, წ. 3, თ. XXIV). მადლმოსილი ცხოვრების ერთობა, საეკლესიო რწმენის უცვლელობისა და ერთიანობის საფუძველია.
ყოველთვის და უცვლელად „ასწავლის ეკლესიას სული წმინდა, წმ. მამათა და საეკლესიო მოძღვართა მეშვეობით.
ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია უცდომელია და ჭეშმარიტების ნაცვლად სიცრუეს ვერ იქადაგებს: რამეთუ სული წმინდა, ეკლესიის ღმრთივგანბრძნობილ მამათა და მოძღვართა მეშვეობით, ყოველგვარი ცდომილებისგან იცავს მას“ (აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლე).

ეკლესიას მსოფლიო ხასიათი აქვს, ის საყოველთაოა.  მაგრამ ამავე დროს, ის მსოფლიოს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის სახითაც არსებობს, მაგრამ ეკლესიის ერთობა ამით სულაც არ კნინდება.
„უფლის ნათლით გაბრწყინებული ეკლესია მთელ მსოფლიოში ავრცელებს თავის სხივებს, მაგრამ ყველგან განფენილი ნათელი ერთია და სხეულის ერთიანობა განუყოფელია; მთელ დედამიწაზე შლის ნაყოფით დახუნძლულ ტოტებს; მისი უხვი ნაკადები შორს მიედინებიან, თავი კი ერთია, ერთი საწყისი, ერთი დედა, ნაყოფიერების სიუხვით მდიდარი“ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი, „ეკლესიის ერთიანობის შესახებ“).

საეკლესიო ერთობა ევქარისტიის საიდუმლოსთან უწყვეტ კავშირშია. როდესაც მორწმუნენი ქრისტეს ერთიან სხეულს ეზიარებიან, ჭეშმარიტად ერთიან კათოლიკე სხეულს უერთდებიან, ქრისტეს სიყვარულის საიდუმლოებაში, სულის გარდამქმნელი ძალით. თუ „ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით“, ყველანი ერთ სხეულს შევადგენთ (1 კორ. 10:17), რადგან, ქრისტე ვერ განიყოფა.
ამიტომაც ეწოდება ეკლესიას ქრისტეს სხეული, ჩვენ კი მისი ცალკეული ნაწილები ვართ, პავლე მოციქულის გაგებით (1 კორ. 12:27); (წმ. კირილე ალექსანდრიელი).

ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესია სამოციქულოა. ღმრთივგანწესებული სამღვდელოების მიერ სული წმინდის ნიჭი მორწმუნეებს გადაეცემა. წმინდა მოციქულთაგან იერარქიული მემკვიდრეობა მადლმოსილი ცხოვრების ერთობის საფუძველია. კანონიერი სამღვდელოებისგან განდგომა სული წმიდისგან, თავად ქრისტესგან განდგომას ნიშნავს. „ყველა დაემორჩილეთ ეპისკოპოსს, როგორც იესო ქრისტე თავის მამას, პრესვიტერებს კი როგორც მოციქულებს დაუჯერეთ; დიაკვნები ღვთის მცნებად გყავდეთ. ეპისკოპოსის გარეშე არავინ არაფერი გააკეთოთ, რაც ეკლესიას შეეხება. სადაც ეპისკოპოსია, იქ ხალხიც უნდა იყოს, მსგავსად იმისა, რომ სადაც იესო ქრისტეა, იქ კათოლიკე ეკლესიაცაა“ (წმ. ეგნატე ანტიოქიელი, სმირნ).

ავტორი: ლაშა ჯიხვაშვილი

Please follow and like us: