გარდა იმისა, რომ მარტი გაზაფხულის პირველი და, ამის გამო, ძალიან ბევრი ადამიანისთვის საყვარელი თვეა, ის ქალბატონებისთვის განსაკუთრებულ თარიღებს მოიცავს. რა ასაკისაც უნდა იყოს ქალი, მისთვის ყურადღება და სიყვარული ყოველთვის  მნიშვნელოვანია, მეტიც, რაც დრო გადის, მილოცვას მისთვის უფრო მეტად ემოციური დატვირთვა ახლავს. არსებობენ ქალები, რომლებსაც აქვს განსაკუთრებული მახასიათებლები და ამ ქალებისთვის ქალთა დღე განსხვავებულად აღინიშნება. რას ნიშნავს მათთვის 8 მარტი? გთავაზობთ ემოციებს, რომლებსაც ეს ქალბატონები გვიზიარებენ.

თაკო, მომავალი დედა

“ჩემთვის ქალთა წლევანდელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვარ იმ მდგომარეობაში, რომელიც ქალისთვის ყველაზე სასურველია. აქამდე 8 მარტი ჩემთვის, მაინცდამაინც, საოცნებო თარიღი არ იყო. სხვა დღეებს უფრო ველოდი ხოლმე. ახლა, ზოგადად, მარტი გახდა ჩემთვის გიჟური პერიოდი. ნამდვილად უპირველესია მოლოდინია ქალისთვის მოლოდინი იმისა, რომ ის მალე დედა გახდება – უპირველესი ქალი საკუთარი მომავალი შვილისთვის. ეს არის ჩემთვის ქალური ბედნიერება და პირველი გამორჩეული, განსაკუთრებული 8 მარტი“.

ნინო, მარტოხელა დედა

„დარწმუნებული ვარ, ბევრს ჰგონია, რომ ქალისთვის, რომელიც საკუთარ შვილებს მარტო ზრდის, ქალთა დღე სხვა არაფერია, თუ არა  – დარდი და სევდა. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ქალი ბევრად უფრო იმედიანი და მშვიდია, როდესაც მას საკუთარი შვილების მამის იმედი აქვს, თუმცა სიყვარულის ისტორია ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც ადამიანი ოჯახის შექმნამდე ისურვებდა. შვილს შეუძლია, დედისთვის ყოველი დღე ქალთა დღედ აქციოს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის 3 მარტი  არანაკლებ – 8 მარტო, რადგან, რაც უნდა იყოს, ყოველთვის ვიგრძნობ თავს განსაკუთრებულ ქალად, რომლის გვერდითაც მუდამ არის უფალი“.

ანი – მან ოჯახი ახლახან შექმნა

„სახლი-უნივერსიტეტი, სახლი-უნივერსიტეტი – აი, ძირითადად, ეს არის ჩემი ყოველდღიური რეალობა. სულ ცოტა ხნის წინ დავოჯახდი. ჯერჯერობით, შვილი არ მყავს, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ქალი ვარ და თავს ყოველთვის მივიჩნევდი პოტენციურ დედად, მარტის თვე, მთელი თავისი დღესასწაულებით, ყოველთვის იყო ჩემთვის გამორჩეული. მჯერა, რომ ყოველი დღეა ქალის, კაცის, სიყვარულის, ბავშვის, ბედნიერების, წარმატების… თუმცა როცა სიმბოლური თარიღი განსაზღვრავს ამ მომენტს, ეს საკმაოდ საინტერესოა და სასიამოვნო. წელს ჩემთვის პირველი რვა მარტია, როცა საკუთარი ოჯახი მაქვს, ემოციაც პირველია და, შედარებით, განსხვავებული. ვისურვებდი, ნებისმიერი ასაკის გოგო, ქალი, ბებო – იყოს მუდამ ბედნიერი და მუდამ გრძნობდეს ყველა ქალურ ბედნიერებას“.

მაკა, ემიგრანტი დედა

„ემიგრანტი ქალისთვის, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ოჯახი ჰყავს, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მისგან გრძნობდეს სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას – მხოლოდ ამას შეუძლია მანძილისა და დროის შემცირება. ყველა თარიღი, რომელიც თავს მნიშვნელოვან ადამიანად მაგრძნობინებს, ჩემთვის გამორჩეულია. ძალიან მიყვარს მარტის დღესასწაულები. ველოდები რვა მარტს იმიტომ, რომ ვიცი, ჩემი ოჯახი ამ დღეს დღესასწაულად მიქცევს. როცა ქალს ოჯახური ბედნიერება აქვს და ყველაფერი წესრიგშია, მაშინ არის ქალთა დღე მისთვის დღე, რომელსაც ელოდება. მინდა, ახალგაზრდობიდან სიბერემდე, ყველა ქალმა თავი სასურველად და დაფასებულად იგრძნოს. ამის საუკეთესო დამფასებელიც და შემფასებელიც მისთვის ოჯახია“.

ნინო, მრავალშვილიანი დედა

„ჩემთვის ყველა დღესასწაული ერთად იყრის თავს  როდესაც ჩემს ოთხივე შვილს ერთად ვხედავ – ბედნიერებსა და ჯანმრთელებს. 12 წელია, რვა მარტს დიდი სიხარულით ველოდები, რადგან სწორედ 12 წლის წინ მეწოდა პირველად „დედა“. ქალთა დღე და ამ დღის ბედნიერება აუცილებლად უკავშირდება დედას, დედობას, დედობის მოლოდინს. ოთხმაგად ბედნიერებაა ჩემთვის ამ დღის ოთხჯერ მოლოცვა. ყველა ქალს უნდა ჰყავდეს შვილი, რომელიც მას ყოველ დღეს ქალთა დღედ უქცევს. რვა მარტი, პირადად ჩემთვის, არის თარიღი, როდესაც, უბრალოდ, სიყვარული კიდევ ერთხელ ჟღერდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქვია „მრავალშვილიანი დედა“ და ყოველდღე ვარ ჩემი შვილების მადლობელი იმისთვის, რომ  არსებობენ ჩემს ცხოვრებაში“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: