დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ზიარების წესისა და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

” პირველ რიგში, მინდა, გამოვთქვა იმედი, რომელიც დაგვამშვიდებს. ჩვენი მედიკოსები გვეუბნებიან, რომ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, თუმცა უნდა ვიყოთ ფხიზლად. საქართველოს საპატრიარქო ყურადღებით მოუსმენს რეკომენდაციებს, რომლებსაც მივიღებთ შესაბამისი დაწესებულებებიდან. სწორედ ბატონი ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით გვაქვს კავშირი იმ ორგანზიაციასთან, რომელიც წლების გამავლობაში აწარმოებს და ახდენს სამედიცინო დაწესებულებების დეზინფექციას.

დღეიდან საპატრიარქოში გვექნება გარკვეული მარაგი, რომელიც მომდევნო დღეებში კიდევ გაიზრდება. ეკლესიებს საშუალება ექნებათ, მიიღონ იმდენი სადეზინფექციო ხსნარი, რამდენიც დასჭირდებათ ტაძრების დეზინფექციისთვის.

აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ რამეს: საუკუნეების გამავლობაში, ყოველი მსგავსი გავრცელებული დაავადების დროს ეკლესია აგრძელებდა თავის მსახურებას. ყოველი ასობით ადამიანის ზიარების შემდგომ დარჩენილ ბარძიმს იღებს მოძღვარი. ეს საუკუნეების განმავლობაში ასე იყო. ლოგიკურად, ასეთ დროს მღვდელი მუდმივად ავად და ყველა ავადმყოფობის შემკრები უნდა იყოს თავის თავში, მაგრამ ეს ასე არ არის.

ჩვენ ზედაპირულად ვერ ვისაუბრებთ, რომ მორწმუნე ადამიანს შეეშინდება ზიარების თუ არა. უნდა გვახსოვდეს, რომ რეალურად ჩვენ სასწაულთან გვაქვს საქმე.

სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდებმა ისმჯელეს ამ საკითხის შესახებ და ზიარების წესთან დაკავშირებით ცვლილება მათ არ დაუდგენია. მათი განცხადებები დაახლოებით მსგავსი შინაარსისაა, რაც ამ დღეებში საქართველოს საპატრიარქომ გავარცელა.

თუ გადავხედავთ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, ის, რაც მოხდა ჩინეთში, ის, რაც მოხდა ირანში, არ შეიძლება ერთი ბარძიმადან ზიარებას დავაბრალოთ, მრავალი სხვა ფაქტორი არსებობს, რომელთა გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ზიარება – ეს არის განუყოფელი ნაწილი ღმერთთან მიახლების იმ სიხარულისა, იმ იმედისა, რომელიც ჩვენ გვასულდგმულებს, რომლითაც ერთმანეთს ვამხნევებთ, ერთმანეთს ვუზიარებთ ამ სიხარულს და ღმერთთან მიახლების სასწაულს, ამიტომ მაინცდამაინც ზიარების წესზე კონცენტრირება და ფიქრი, რომ აქედან შეიძლება იყოს საწყისი და გავრცელების ყველაზე ძლიერი საფრთხე, მართებული არ არის. ასეთი საფრთხე არც პრაქტიკაში გვაქვს ამჟამად და არც ისტორიის განმავლობაში ყოფილა

შესაბამისად, ამის გარდა, ყველა სხვა რეკომენდაციას გულდასმით მოვუსმენთ და გავითვალისწინებ, ხოლო თუ რაიმე ახალი განსაკუთრებული რეკომენდაცია გაიცება, ამას საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს. ჯერჯერობით ყველა არსებულ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ.

კოვზით და ერთი ბარძიმიდან ზიარებისკენ კი არ უნდა გვქონდეს მიმართული მთელი ყურადღება, არამედ ტაძარშიც გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ერშია დასაცავი და ეხება ერთმანეთთან ახლო კონტაქტის მორიდებას, დისტანციის დაცვასა თუ მისალმების ფორმას.

უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: გარანტია იმისა, რომ ვეზიარებით და მერე არაფერი დაგვემართება, არასწორია, ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი დაგვემართება. ადამიანი შესაძლოა სხვადასხვა გზით დაავადდეს, თუნდაც ზიარების რიგში დგომისას ან ვიღაცისგან გადაედოს. მთავარია, გავითვალისწინოთ ყველა მითითება, რაც რეკომენდაციით იქნება მოცემული.

ზოგიერთმა ეკლესიამ ურჩია მრევლს, დაიცვას დისტანცია, თავი შეიკავონ ხელზე მთხვევისგან, ასევე საუბარი იყო ზიარების შემდგომ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებაზეც, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში უშუალოდ ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით ამ ეკლესიებს არ უმსჯელიათ.

ეკლესია მზად არის ნებისმიერი სახით, რაშიც საჭირო ვიქნებით, ჩავერთოთ სოციალურ მსახურებაში.

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში, – ჯანდაცვის სფეროში, ციხეებში თუ ჯარში; ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მოსახლეობას”.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

Please follow and like us: