პატრიარქის გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს 12:00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წირვის შემდეგ, სასურველია, მოძღვრებმა ლიტანიობა შეასრულონ და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას ნაკურთხი წყალი აპკურონ.

ამასთან, უწმინდესის თხოვნაა, რომ ყველა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ხოლო სასულიერო პირებმა კორონავირუსით დაავადებულებისთვის ილოცონ.

„სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონა ვირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად.

წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები.

ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,“ რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.

მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.

ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი,“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

Please follow and like us: