დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირები მზად არიან, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებთან მივიდნენ და ადგილზე აზიარონ. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როდესაც ადგილზე ავადმყოფის ზიარება ხდება, იქ ზიარების წესს ცოტა სხვა ფორმა აქვს. მიაქვთ უკვე დამზადებული წმინდა ნაწილი და ეს სხვა სახით ხდება. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ზიარების მსახურება ადგილზე აღესრულება, სწორედ ეს აქვთ მხედველობაში, რომ კარანტინში იქნება ადამიანი, თვითიზოლაციაში თუ საავადმყოფოში, მოძღვრები მზად არიან, რომ მივიდნენ და ადგილზე აზიარონ“,-განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, „რეალობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ სხვა რეკომენდაციებიც გაიცეს“. თუმცა, მამა ანდრია ჯაღმაიძე არ აკონკრეტებს, რა რეკომენდაციებზეა საუბარი.

ჟურნალისტის კითხვაზე, აიღებს თუ არა საქართველოს საპატრიარქო პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუკი ზიარების საერთო კოვზი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების კერა გახდება, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შემდეგ განმარტებას აკეთებს.

„ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში, ირანში ან იტალიაში სწორედ კოვზი გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი. ამიტომ, დაველოდოთ ვითარება როგორ განვითარდება. ეპისკოპოსები იმჯელებენ. ჯერჯერობით, სიტუაციიდან გამომდინარე, ეკლესია ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და ადეკვატურად რეაგირებს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის ეკლესიამ ზიარების წესი შეცვალა, რაღაც შეიცვალა, მაგრამ რუსეთის ეკლესიას ზიარების წესი არ შეუცვლია. იმ ვითარებაში, როდესაც სხვადასხვა ეკლესიები მსახურების გარკვეულ ფორმებს ცვლიან, ჩვენ რადიკალურად განსხავებულ დამოკიდებულებას ვხედავთ. დაწყებული იქიდან, რომ მსახურებები შეჩერდა, დამთავრებული იქამდე, რომ ეკლესიებმა საერთოდ არაფერი შეცვალეს, მათ შორის შუამავალი ზომებიც მიიღეს. ძალიან განსხავვებული დამოკიდებულებებია. ალბათ, ეს შესაბამისი მდგომარეობითაა გამოწვეული, რაც იქ, იმ წუთას ხდება. ამიტომ, დაველოდოთ“, -განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სინოდმა სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე იმსჯელა და ზიარების წესი უცვლელი დატოვა.

Please follow and like us: