კორონავირუსმა შექმნა იმის საჭიროება, რომ გაშუქებულიყო რეკომენდაციები, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუწყობს ხელს, ყურადღება მიაქციოს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას არსებულ რეალობაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სწორედ შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა და გამოაქვეყნა. შესაბამის ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აშუქებს.
სამწუხაროდ, საქართველოში – და არამხოლოდ) დაფიქსირდა ისეთი ფაქტები, როდესაც დაინფიცირებულის ან რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ მოხდა ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობა. სწორედ ასეთი ფაქტების არსებობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციებს:
 კორონავირუსი არ უნდა დავუკავშიროთ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს ან ეროვნებას;
 დაინფიცირებული ადამიანი არ უნდა მოვიხსენიოთ ისეთი ტერმინებით, რომლებიც მას შეურაცხყოფს და როგორებიცაა: ავადმყოფი, მსხვერპლი და ა.შ;
 მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, თავი ავარიდოთ ისეთი სიახლეების მოსმენას, რომლებიც სტრესის ქვეშ მოგვაქცევს – ინფორმაცია უნდა მივიღოთ იმ მიზნით, რომ მოვბილიზდეთ, დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები;
 უნდა ვეცადოთ, გავავრცელოთ სიახლეები, რომლებიც პოზიტიური ინფორმაციების შემცველია – მაგალითად, ახალი ამბები, რომლებიც გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ეხება;
 უნდა აღვნიშნოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, ჯანდაცვის ექსპერტების ღვაწლი ინფიცირებულებსა და ყველა დანარჩენზე ზრუნვაში.
გარდა ამ ტიპის რეკომენდაციებისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს რჩევებს, რომლებიც იმ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან:
 დარჩით კავშირზე თქვენს სოციალურ გარემოსთან – შეძლებისდაგვარად, შეინარჩუნეთ რუტინა, რომელიც იზოლაციაში მოხვედრამდე გქონდათ;
 სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს – ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში;
 სიახლეების შესახებ ინფორმაცია მოიძიეთ გარკვეული პერიოდულობით; დაეყრდენით ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებს და არა – ჭორებს, რომლებიც დისკომფორტს გიქმნით.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: