დღევანდელ რეალობაში ადამიანებს მოგვიწია, შეგვემუშავებინა ჩვენს გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული იდეები, რომლებიც სახლში მუდმივად ყოფნის პერიოდს, ასე თუ ისე, გაგვიფერადებს. სოციალურ ქსელებში ჩვენ ვხედავთ, როგორ ატარებენ ადამიანები ამ საათებს. ცხადია, ინტერესი ყველას განსხვავებული გვაქვს, თუმცა მაინც შემოგთავაზებთ რჩევებს, როგორ ჩავატაროთ პერიოდი, რომელმაც სასურველია, ძალიან მალე გაიაროს.
1.სატელოფონო საუბრები
დღეს ჩვენ ერთმანეთი გვენატრება, გვენატრება ჩახუტება და დროის ერთად გატარება. რადგან ეს, ამ ეტაპზე, არ არის შესაძლებელი, ჩვენ გვაქვს საშუალება, საყვარელ ადამიანებს საათობით ვესაუბროთ. სასიამოვნო თემების განხილვა ახლობელ ადამიანებთან უბადლო, განსაკუთრებული თერაპიაა. სხვათა შორის, ეს მეთოდი სხვა ყველა რთულ პერიოდში არის მკურნალი. რაც უფრო ხალისიანი ეს საუბარი, მით უფრო ხანგრძლივია მისთვის დათმობილი დრო.
2.ფილმები
საუკეთესო მედიკამენტი ყველანაირი მოწყენილობის დროს. ამ რეალობაში, ჩვენ უნდა შევარჩიოთ ფილმები, რომლებიც გაგვაღიმებს, გაგვაცინებს და გაგვახალისებს. იუმორისტულ კადრს შეუძლია, თავი ნებისმიერ მომენტში შეგვახსენოს. კარანტინის ჟამს გვაქვს შესაძლებლობა, კომფორტულად მოვკალათდეთ და საუკეთესო სიუჟეტი შევარჩიოთ. როგორც ვიცით, თუ რაიმე ძალიან საინტერესოს ვუყურებთ, საათები ძალიან მალე გადის. ასე რომ, შეგვიძლია, ბევრ ფილმს მოვუყაროთ თავი და, სანამ მათ ჩავამთავრებთ, გარეთ გასვლასაც ძველებურად შევძლებთ.
3.არქივი
ხშირად გადაავლეთ თვალი არქივს, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს გახსენებთ. ზოგჯერ აუცილებელიც კია, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარსული ბედნიერებით ვიცხოვროთ. ფოტოების თვალიერება, ჩანაწერების კითხვა ან, უბრალოდ, მოგონებების გაცოცხლება მხოლოდ საკუთარ გონებაში – როგორც წესი, ყველაფერი ეს გონებას აწყნარებს და სხეულს ამსუბუქებს. როდესაც დღეს ჩვენ ამდენი საათი გვაქვს საკუთარ განკარგულებაში, ურიგო არ იქნება, თუკი აწმყოს წარსულით ჩავანაცვლებთ.
- ფიქრი
ბევრს უთქვამს, რომ ბევრი ფიქრი ადამიანს რეალობას აშორებს. დღეს თუ ცოტახნით რეალობას მოვწყდებით, არაფერი დაშავდება. მეტიც, თუკი ფიქრი ოცნებაში გადაგვეზრდება, ეს ძალიან სასიამოვნოც კი იქნება. დღეს ჩვენ უწინდელზე მეტი თავისუფალი დრო გვაქვს. კომფორტული იქნება, თუკი წამოვწვებით, თვალებს დავხუჭავთ და ფიქრიდან ოცნებაში გადავინაცვლებთ – ანუ შევქმნით ჩვენთვის იდეალურ მოცემულობას. სასურველია, ეს მოცემულობა იყოს ფერადი, მაქსიმალურად იდეალური და კავშირი არ ჰქონდეს აწმყოსთან.
- კულინარია, მაკიაჟი, ონლაინშოპინგი…
ანუ ის, რაც ჩვენ გვსიამოვნებს და გვეხერხება, როგორც ინდივიდს. ექსპერიმენტებისთვის ულევი დრო – ახლა ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ კულინარიული ცდები, ვიპოზიოროთ სარკესთან ან, უბრალოდ, ვიზრუნოთ საკუთარ გარეგნობასა და ჩაცმულობაზე. თუკი ჩვენთვის საყვარელ საქმწს გაცილებით დიდ დროს დავუთმობთ, ვიდრე ეს აქამდე შეგვეძლო, სხვა თუ არაფერი, გავიწაფებით და საკუთარ უნარებს გავაუმჯობესებთ. იმის კეთება, რაც განსაკუთრებულად გვეხერხება, დროს სასიამოვნოდ გაგვაყვანინებს. ამ დროის შემდეგ კი კვლავ შეგვეძლება, ერთმანეთს ჩავეხუტოთ და არ შეგვეშინდეს!
ავტორი: მარიამ ტიელიძე