2013 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 0.1%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 7.58 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.54 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.5%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, განაცხადა „საქსტატმა“ 24 ოქტომბერს.
იმპორტის მოცულობა 2013 წლის იანვარ–სექტემბერში 4%–ით შემცირდა და 5.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტის მოცულობა 14%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2 მილიარდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა.
2013 წლის პირველ ცხრა თვეში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 25.3% შეადგინა –511.7 მილიონი აშშ დოლარით, რაც 18.4%–იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 183.2 მილიონი აშშ დოლარით (9.6%–იანი კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); აზოტოვანი სასუქები – 98.9 მილიონი აშშ დოლარით (დაახლოებით ორჯერ გაიზარდა); თხილი – 82.4 მილიონი აშშ დოლარი (25.1%–იანი ზრდა).
მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი სავარაუდოდ რუსული ბაზრის გახსნის შედეგად.
2013 წლის იანვარ–სექტემბერში ღვინის ექსპორტი 73.9%–ით გაიზარდა და 74.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შედეგად, მისმა წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 3.7% შეადგინა.
მინერალური წყლების ექსპორტი 60.1%–ით გაიზარდა და 72.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიან ექსპორტში 3.6%–ს შეადგენს.
რუსული ბაზრის გახსნამ ასევე შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას, ძირითადად გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე, რის შედეგადაც რუსეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა 2013 წლის იანვარ–სექტემბერში, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 501.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35%–ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2012 წელს რუსეთი საქართველოს მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, ხოლო 2013 წლის პირველ ნახევარში – მეხუთე.
2013 წლის იანვარ–სექტემბერში საქართველოს ექსპორტმა რუსეთში სამჯერად ზრდას გადააჭარბა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 103.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 17.4%–ით გაიზარდა და 398 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის პირველ ცხრა თვეში 1 მილიარდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 958 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; უკრაინა – 555.7 მილიონი აშშ დოლარით; რუსეთი –501.7 მილიონი აშშ დოლარით; ჩინეთი – 451.2 მილიონი აშშ დოლარით; გერმანია – 368.8 მილიონი აშშ დოლარით; სომხეთი – 343.7 მილიონი აშშ დოლარით; აშშ – 306.1 მილიონი აშშ დოლარით; ბულგარეთი – 246.1 მილიონი აშშ დოლარით და რუმინეთი – 228.1 მილიონი აშშ დოლარით.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის პირველ ცხრა თვეში ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 667.6 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 516.4 მლნ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 198.7 მლნ აშშ დოლარი; ნახშირწყალბადები – 192.7 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 114 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 99.8 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 74.5 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 70.8 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 60.1 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 57 მლნ აშშ დოლარი.
26.10.13