დღევანდელ რეალობაში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება რჩევები – რჩევები იმ ინსტიტუტებისგან, რომლებიც გაცილებით კომპეტენტურები არიან არსებული მოცემულობის შესახებ. პანდემია არის ის რეალობა, რომელიც ჩვენს წარსულ ყოველდღიურობას რადიკალურად გვაშორებს და „გვაიძულებს“, სხვანაირად ვიცხოვროთ. თუმცა ჩვენთვის, ალბათ, მაინც უცნობია და გააზრება გვიჭირს, როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად, რომ შევუნარჩუნოთ ნებისყოფა, განწყობა და უნარი ამ ახალ რეალობასთან თვალის გასასწორებლად. „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი ესაუბრა. ჩვენს მკითხველს რჩევებს სწორედ ის მისცემს.
„მსოფლიო აღმოჩნდა უჩვეულო მდგომარეობაში, ისეთში, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენი განწყობები ამისთვის მზად არ იყო. მზად არ ვიყავით, რომ ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართებოდა, ჩვენ მის გაკონტროლებას ვერ შევძლებდით. ჩვენი ყოველდღიურობა შეიცვალა, შეგვეზღუდა ჩვეული რეჟიმი, ცოცხალი ურთიერთობების საშუალება, შესაძლებლობების გამოყენება და ა.შ. ამიტომ გაგვიჩნდა შიში – შიში სიკვდილის, მშიერად დარჩენის, სამსახურის დაკარგვის, ახლობლების დაკარგვის, საკუთარი თავის დაკარგვისაც კი, რომელიც იწვევს პანიკურ მდგომარეობებს, შფოთვას, უძილობას, ნევროზებსა და სხვა“.
- რა პროცესები და მოცემულობები დაგვეხმარება ამ გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით?
უპირველესად, რისი გაკეთებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, არის ის, რომ გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოგვეცა.
რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უკვე ისედაც შევეჩვიეთ სამყაროს ყოველწამიერ განვითარებას, ცვლილებებს, გავხდით ბევრად მოქნილები, ვიდრე ვიყავით ათწლეულების წინ და ჩვენ ყველას შეგვიძლია, გადავლახოთ ეს სირთულე და ადვილად გავიაროთ ადაპტაციის პერიოდი, რადგან ამის უკან დგას უდიდესი ფასეულობა – ჩვენი სიცოცხლე.
თუ ჩვენ გამოვიჩენთ ნებისყოფას და ჩვენს აზროვნებას პოზიტიურისკენ მივმართავთ, ყველაფერი ბევრად გაგვიადვილდება და ამ სიტუაციას ჩვენ სასარგებლოდ და საკეთილდღეოდაც კი გადავაქცევთ.
საუკეთესო დროა თვითგანვითარებისთვის, თვითგამორკვევისთვის, საკუთარ თავთან დასაახლოებლად, ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად, ახალი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, ახალი პროფესიის ასათვისებლად, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად, ფიზიკურად, სულიერად და მორალურად გასაძლიერებლად, ფორმაში ჩასადგომად, სიყვარულისთვის, მადლიერებისთვის….
უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი ამისთვის, გამოვიჩინოთ მონდომება, ძალა, გამძლეობა, მხარდაჭერის უნარი, მოთმინების უნარი და სტრატეგიული ნაბიჯები გადავდგათ, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო და კიდევ ერთ დიდ ცვლილებასთან მოგვიწევს შეგუება.
ადამიანს აქვს თანდაყოლილი უნარი – შეეჩვიოს ყველაფერს!
ამ სამყაროში ყველაფერი დროებითია, ყველაფერს აქვს დასასრული და ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება და დაიწყება ახალი ცხოვრება, რომელიც ისეთი იქნება, როგორსაც თითოეული ჩვენგანი ახლა, ამჟამად შევქმნით. და შექმნის ეს პროცესი საკუთარი თავის შექმნიდან უნდა დავიწყოთ, რადგან ჩვენ მხოლოდ იმაზე შეგვიძლია პასუხისმგებლობის აღება, რაც ჩვენს ხელთაა და ჩვენი საქმეა. მე მზად ვარ, ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო და სრულიად უსასყიდლოდ დავეხმარო მათ, ვისაც ეს სჭირდება.
- რა პროცესები და მოცემულობები შეგვიშლის ხელს მასთან ბრძოლაში?
ახლა ბრძოლა არ გვჭირდება, ახლა გვჭირდება მოთმინება, გამძლეობა, ნებისყოფა, ურთიერთდახმარება და სიყვარული.
თუ ჩვენ ინდივიდურად არ ავიღებთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას, მივეცემით სევდას, შიშს მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენზე იბატონოს, ჩავწვებით ლოგინში, არ ვიზრუნებთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენს ფსიქიკაზე, მივიღებთ ალკოჰოლს, არ ვიურთიერთებთ ადამიანებთან (დისტანციურად), – ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩამოშლას. ამიტომ ყველამ ჩვენს თავზე უნდა ვაგოთ პასუხი და გავითავისოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობები.
ავტორი: მარიამ ტიელიძე