17 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

მარხვა – ღმერთთან მიმყვანებელი გზაა. გზა, რომელზეც თავად უფალმა დაგვაყენა თითოეული ადამიანი. უფალმა თავის უსაზომო სიყვარულით შექმნა ადამიანი და მას ამ სიყვარულის ბეჭდად თავისუფლება არგუნა. ამ თავისუფლებისკენ მიმავალს კი, როგორც მზრუნველმა მამამ მისცა რჩევა და კურთხევა, თუ რომელი გზით შეძლებდა სრულყოფას ღმერთში. ეს გზა იყო შემეცნების, რომელიც თავშეკავებულობაზე(მარხვაზე) გადიოდა. როგორც ღვთაებრივი მამა წმინდა იოანე დამასკელი წერს: კეთილმა  და  ზეკეთილმა  ღმერთმა  არ  იკმარა  თავისი  თავის ჭვრეტა,  არამედ  სიკეთის  სიჭარბის  გამო  ისათნოვა  მან  იმგვართა  შექმნა,  რომლებიც  მიმღებნი იქნებოდნენ  მისი  ქველმოქმედებისა  და  წილმქონენი  მისი  სიკეთისა “.

ზოგაგად მარხვის მნიშვნელობასა და მის დანიშნულებაზე ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებაში და აღდგომის დიდმარხვასთან დაკავშირებით “თბილისი თაიმსს“ ესაუბრა, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.

„სვეტი მღვდელმთავრობისა დიდი ბასილი ამბობს, რომ მარხვა  და  კაცობრიობა თანადროულნი  არიან”. მარხვა ადამიანისათვის არის და მას ქრისტიანული სწავლების თანახმად ცალკეულად ვერ განვიხილავთ, მაგრამ  მსჯელობის უკეთსაყოფად მარხვას და ადამიანს თუ განვაცელკევებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარხვა ჯერ კიდევ  ადამიანის შექმნამდე იყო – უფლის წინასწარგანზრახულობაში, როდესაც ღმერთი სამოთხის შუაგულში ქმნის ხეს, რომელზეც ეძლევა კურთხევა ადამს, რათა არ მიიღოს მისი ნაყოფი.

წმინდა წერილი მრავალგზის მოგვითხრობს მარხვის შესახებ და დროთა განმავლობაში მის სხვადასხვა ფორმებზეც მიგვითითებს. ორმოცი დღე-ღამე იმარხულა დიდმა მოსემ: ორმოცი დღე  და  ორმოცი  ღამე,  უსმელ-უჭმელი,  ყველა  თქვენი  ცოდვის  გამო,  რომლითაც სცოდავდით,  ბოროტებას  რომ  სჩადიოდით  უფლის  თვალში  და  აჯავრებდით  მას (2 რჯ. 9,18 ).

მარხვის და მისი ფორმების შესახებ მოგვითხრობს წმინდა ესაიას წიგნი: „აჰა,  მარხულობთ,  იდავოთ   და  იშუღლოთ,  და  ბოროტად   ურტყათ  მუშტები,  არ  მარხულობთ  როგორც  დღეს, რათა  ცას  მისწვდეს  თქვენი  ხმა.  განა  ასეთი  მარხვაა  სასურველი  ჩემთვის,  როცა  კაცი  თავს იტანჯავს  და  ლერწამივით  ხრის  თავს  და  ქვეშ  ჯვალო  და  ნაცარი  აქვს  დაგებული?

განა  ამას  ჰქვია  მარხვა  და  უფლის  სათნო  დღე?  განა  ეს  არ  არის  მარხვა,  მე  რომ  ავირჩიე: რომ  დახსნა  ბოროტების  საკვრელნი,  დაწყვიტო  უღლის  აპეურები,  თავისუფლად  გაუშვა დათრგუნვილნი  და  დალეწო  ყველა  უღელი?  რომ  მშიერს  გაუყო  შენი  პური  და  უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი  სახლში  შეიყვანო,  რომ  შემოსო  შიშველი,  როცა  დაინახავ,  და  შენს  სისხლსა და  ხორცს  არ  დაემალო?  მაშინ  განთიადივით  გამობრწყინდება  შენი  ნათელი  და  დაჩქარდება შენი  განკურნება,  შენი  სიმართლე  წაგიძღვება  წინ  და  უფლის  დიდება  უკან  გამოგყვება.

მაშინ  მოუხმობ  და  ხმას  გაგცემს  უფალი;  შეჰღაღადებ  და იტყვის:  აქ  ვარ!  თუ  შეწყვეტ ჩაგვრას,  ცილისწამებას  და  ავსიტყვაობას;  თუ  სულს  არ  დაიშურებ  მშიერისთვის  და  ტანჯულ კაცს  გულს  მოუფონებ,  წყვდიადში  ამოგიბრწყინდება  ნათელი  და  შენი  ბნელი  შუადღესავით იქნება  (ის. 58, 4-10).

ასევე გავიხსენოთ ნინეველთა გულშემუსვრილი მარხვა (იონა. 3, 5-7) .

მთელი ძველაღთქმისეული მარხვის ცენტრალიზირება და მისი სათნოყოფის ბეჭედი კი, თავად ღმერთ-კაცის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვა იყო (ლკ. 4,1-2).

ახალმა ადამმა, როგორც მაცხოვარს მოციქულთა თავი პავლე უწოდებს, გვიჩვენა მაგალითი მარხვისა და უდაბნოში ჩვენთვის გამოაწრთო მარხვა, რადგან  პირველ ადამის მიერ მარხვის დარღვევით – დაეხშო სამოთხის კარი. უფალმა მარხვის დაცვით – მოგვიწოდა დავბრუნებდეთ სამოთხისეულ იმ მდგომარეობაში სანამ ადამიანი შესცოდავდა.

მარხვა ქრისტიანთათვის არასოდეს ყოფილა მიზანი. მიზანი ღმერთთან მყოფობა და მასთან თანაზიარებაა, ხოლო საშუალება და გზა ამისა არის მარხვა. გზა – რომელიც ადამიანმა სინანულით, თავშეკავებით და თავმდაბლობით უნდა გავლოს.

ეკლესიის ისტორიაში მარხვას და მის ფორმებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახე ჰქონდათ და ეს ცხადყოფს, რომ მარხვას არასოდეს განიხილავდა ქრისტიანობა თვითმიზნად, არამედ ის შესაბამისი დროის და გარემოების მიხედვით იყო საშუალება ადამიანის ღმერთთან მიახლებისა.

ქრისტიანობა მთლიანად შემოკრებილია ქრისტეს აღდგომის გარშემო. ამიტომაც აღდგომის მარხვა სხვადასხვა ფორმებით პირველ ქრისტიანთა პერიოდიდან არსებობდა, რაც გულისხმობდა მომზადებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად. თითოეული ჩვენგანი საყვარელი ადამიანის დღესასწაულზე, განსაკუთრებული მზრუნველობით და ყურადღებით ვარჩევთ საჩუქარს, რათა დღესასწაულზე ჩვენს საყვარელ ადამიანს მივართვათ. ასეა მარხვაც. მარხვა ის ძღვენია, რომელიც ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღებით და მზრუნველობით უნდა შეარჩიოს და დღესასწაულზე საყვარელ ღმერთს მიართვას. მიართვას არა იმიტომ, რომ ეს საჩუქარი უფალს სჭირდება, არამედ იმიტომ რომ საჩუქრის გაცემა და რაიმეს გაღება – ეს იმ სიყვარულის გამოხატულების ერთ-ერთი გზაა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

აღდგომის მარხვის თითოეულ კვირას თავის მნიშვნელობა აქვს.

ეს ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ მოგზაურობას. ყოველი ახალი კვირა ახალი სულიერი გამოწვევის და შინაარსის წინაშე გვაყენებს და ამ უდიდესი და წმინდა მოგზაურობის შედაგად დაგროვილი შემეცნება და  გამოცდილება კი, გვეხმარება რომ უფრო ახლოდან შევიმეცნოთ შემოქმედი.

დასაწყისში ვახსენეთ, რომ მარხვა არის გზა, რომელიც არ არის ლიტონი. არამედ  გზა, რომელსაც ღმერთამდე მივყავართ, აღდგომის მარხვის კვირეები კი, ის ქუჩებია, რომელსაც სიხარულით გავდივართ, რადგან ვიცით ამ ქუჩათა  ბოლოს ჩვენს მიერ შეყვარებულ ღმერთს შევხვდებით“.

თეოლოგი, ლაშა ჯიხვაშვილი

Please follow and like us: